სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში მოხვდა

National Geographic Travel-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება. მათივე ინფორმაციით, უშგულელების დახმარებით ცნობილმა წამყვანმა ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირში იმოგზაურა.

„მოგვიანებით რეიდმა სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები National Geographic Travel-ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა: „ეწვიეთ საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურობა, კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორე ოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ, ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი, სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი. კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც მიგიღებს. ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზიაროს ის შთაბეჭიდლებები, რაც მე საქართველოში მივიღე“, - აცხადებს რობერტ რეიდი.

National Geographic Travel-ის გადამღები ჯგუფი სვანეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2017 წლის მაისში ეწვია. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლების უშგულის სილამაზეს და ადგილობრივების ცხოვრების სტილს National Geographic Travel-ის საშუალებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა.