რაზე შემოწმდება ტექდათვალიერებისას ავტომობილები?

სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, საჭის მექანიზმი - ეს იმ ელემენტების ჩამონათვალია, რაზეც სატრანსპორტო საშუალებები ტექდათვალიერების გავლისას შემოწმდება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ტექდათვალიერებისას შემოწმდება ტრანსპორტის - ხილვადობა; გარე მაშუქი ხელსაწყოები, განათების მოწყობილობები, შუქამრეკლები; საბურავები, თვლები, ღერძები, დაკიდება; ძარა, ძარის ელემენტები და სამაგრები, კაბინა; სხვა მოწყობილობები (სასიგნალე მოწყობილობა, სპიდომეტრი, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა); ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაური; ავტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტაცია.

შვეიცარულმა კომპანია SGS-მა, რომელიც ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს კონსულტაციას უწევს, ანგარიში უკვე წარმოადგინა. ანგარიშში საუბარია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის მოთხოვნებსა და პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციაზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.