„რეზონანსი" - მაღალი ფასები 2018 წელსაც შენარჩუნდება

მთავრობა პირობას იძლევა, რომ ინფლაციას შეაჩერებს, მაგრამ უკვე გაძვირებული პროდუქციის გაიაფება წარმოუდგენელია.

წელს პირველადი მოხმარების საქონელი მკვეთრად გაძვირდა და ეს ფასები შენარჩუნდება 2018 წელსაც. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, რომ გაისად 3%-იანი ინფლაცია გვექნება, მოსახლეობისთვის ვერაფერი შვებაა. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელ ფასებს არაფერი მოაკლდება და დროთა განმავლობაში მოემატება კიდეც.

წელს კი ინფლაცია უკვე 6,2%-ია, რაც წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დიდი ვარაუდი არ სჭირდება იმას, რომ წლის ბოლოს უფრო უარესი მაჩვენებელი გვექნება. ინფლაციის მოთოკვა ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ფაქტია, სებ-ი ვერაფერს აკეთებს. თუკი მომავალ წელს ეროვნული ბანკის მიდგომა არ შეიცვლება, ფასების ზრდა მოსახლეობაზე კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება. გაძვირების ტენდენციის შეჩერება თანდათან შეუძლებელი გახდება.

წინ ზამთარია, როდესაც სამომხმარებლო პროდუქტი ყოველთვის ძვირდება, მას "მშიერი გაზაფხული" მოჰყვება. შესაბამისად, ფასების კლებას მოსახლეობა არც გაისად უნდა ელოდოს.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაცია მცდარი მონეტარული პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია და 2018 წელს შესაძლოა, უფრო მეტად მაღალი ფასების წინაშე აღმოვჩნდეთ, ვიდრე დღეს ვართ. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი შეშელიძე ამბობს, რომ არავითარი დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს, რომ მომავალ წელს უკეთესი მდგომარეობა იქნება და ვითარებას ვერც ინფლაციის 3%-მდე დაყვანა შეცვლის. ერთადერთი გამოსავალი იმ არასწორი პოლიტიკის შეცვლაა, რასაც ეროვნული ბანკი წლებია, ატარებს.

"ეროვნულმა ბანკმა წინა წლებშიც დააანონსა, რომ ინფლაცია 3%-ის ფარგლებში უნდა დასულიყო. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც წელს 4%-ია, შარშან 5% იყო. გეგმა ჰქონდათ, რომ ასე შეემცირებინათ მაჩვენებელი 3%-მდე. ყველა ხედავს, რა გამოვიდა აქედან რეალურად. მნიშვნელოვანია, ინფლაციას როგორ განმარტებას მივცემთ. სებ-ის განმარტებით, ის ფასების საერთო დონის ზრდაა. თუ ფასების მატებაზეა საუბარი, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ამ პროცესის თანმდევი. ამ კითხვის შემდეგ ისევ უკან ეროვნულ ბანკთან ვბრუნდებით, რადგან ხშირად მათი პოლიტიკაა ფასების ზრდის მიზეზი და არა სხვა ფაქტორები.

დღეს რომ მაღალი მაჩვენებელი (6.2%) გვაქვს, ეს არის იმ პოლიტიკის ბრალი, რომელსაც ბოლო წლებია, სებ-ი ატარებს. ჩვენთან ფასების ზრდა ბუნებრივი პროცესი არ არის, ამიტომ ხაზს ვუსვამ, რომ ინფლაცია მცდარი მონეტარული პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია. შეიძლება, 2018 წელს უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ და კიდევ მეტ სიძვირესთან მოგვიწიოს გამკლავება. არავითარი დამაიმედებელი პროგნოზი არ მაქვს, რომ გაისად უკეთესი მდგომარეობა იქნება, თუკი შეიცვლება პოლიტიკა", - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ.

წლევანდელი მაღალი ინფლაცია არ იძლევა იმედს, რომ 2018 წლის დაბალი საპროგნოზო მაჩვენებელი (თუკი 3% მართლაც შესრულდა) მოსახლეობის მყიდველუნარიანობას გაზრდის. სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ დღევანდელი რეალობა საკმაოდ დაშორებულია საგაისო პროგნოზთან.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არა მარტო ხელმძღვანელობს საბანკო სისტემას, არამედ შესაბამისი რეგულაციებით ცდილობს, ამ სფეროში წესრიგი შეიტანოს. ამით ის ცდილობს, სიგნალი მისცეს საზოგადოებას და საქმიან წრეებს.

სებ-ი აცხადებს, რომ 2018 წლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება 3%-მდე და ის ჯერჯერობით პოზიციას არ ცვლის, თუმცა ახლა რეალობა სულ სხვაგვარია. 2017 წლის განმავლობაში იმდენად მოიმატა ფასმა მთელ რიგ პროდუქტებზე, რომ ვითარება აშკარად დაიძაბა და ცვლილებები გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ გაისად ინფლაცია შეიძლება მართლაც შემცირდეს, სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება რთული იქნება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც ვერ გაიზრდება", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის განსაზღვრა ეკონომიკური ზრდის პარალელურად უნდა ხდებოდეს. წესითა და რიგით, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება რეალურად უნდა აისახოს მოსახლეობაზე, ამისთვის კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც ინფლაციის დაბალი ტემპის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა.

"ინფლაცია ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უნდა განვიხილოთ. წელს ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა ის ასეთ მაღალ ნიშნულზე არ დარჩება. გარკვეული პიკის შემდეგ დაიწყებს დაღმასვლას და ეს შეუქცევადი პროცესია, ეს კი მოსახლეობის გადახდისუნარიანობასთანაა დაკავშირებული. როდესაც ფასები იზრდება, მსყიდველუნარიანობა მკვეთრად იკლებს და ინფლაციის შემცირებაც იწყება.

თუ წარმოება გაფართოვდება და გაიზრდება, ეს ძალიან შეუწყობს ხელს ბაზარზე იაფი ადგილობრივი პროდუქციის მიწოდებას. მოსახლეობის შემოსავალი შემცირებულია და კიდევ მეტად შემცირებას უნდა ველოდოთ. მათი მდგომარეობა ვერაფრით გაუმჯობესდება. სწორედ ამისათვისაა საჭირო წარმოების განვითარება, რაც, ერთი მხრივ, სამუშაო ადგილებს შექმნის და, მეორე მხრივ, იაფ პროდუქციას მიაწვდის ბაზარს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თოქმაზიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"