ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზაზე განაცხადს შეიტანთ, დარწმუნდით, რომ ვიზა ნამდვილად გჭირდებათ და თქვენს ძველ ვიზას ვადა გაუვიდა ან თქვენი ქვეყანა არ არის უვიზო რეჟიმის პროგრამის (Visa Waiver Program) წევრი.
აქვე განვმარტავთ, რომ ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოსახლეობას ტურისტული და ბიზნესმიზნებისთვის აშშ-ში გამგზავრება და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში დარჩენა ვიზის გარეშე შეუძლიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამაში ყველა ქვეყანა არ მონაწილეობს და ყველა მონაწილე ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია უვიზოდ მგზავრობა. ამ დროისთვის უვიზო რეჟიმის პროგრამით მსოფლიოს 38 ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის ევროპის წამყვანი ქვეყნებიც.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ქვეყანა ზემოთ აღნიშნული პროგრამის მონაწილე არ არის, აშშ-ში გასამგზავრებლად ვიზის აღება დაგჭირდებათ. შესაბამისი აპლიკაციის შევსებისას კი უნდა დარწმუნდეთ, რომ მოქალაქეობა და ვიზის ტიპი სწორად გაქვთ მითითებული. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღნიშნული ინფორმაციის მითითებისას შეცდომას დაუშვებთ, თქვენი აპლიკაცია გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის შევსების ახალ თარიღს უნდა დაელოდოთ.
როგორ შევავსოთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად საჭირო აპლიკაცია?
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ რა მიზნით და რამდენი ხნით მიემგზავრებით ამერიკაში. ამაზეა დამოკიდებული გჭირდებათ თქვენ არასაიმიგრაციო თუ საიმიგრაციო ვიზა. აქვე გეტყვით, რომ არასაიმიგრაციო ვიზას, ძირითადად, ტურისტები, ბიზნესმენები, სტუდენტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იყენებენ, რომლებსაც გარკვეული მიზნის შესასრულებლად აშშ-ის ტერიტორიაზე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში სურთ დარჩენა. აშშ-ის სავიზო კანონმდებლობისა და რეგულაციების თანახმად, მათ, ვისაც ვიზის ამ ტიპით სარგებლობა სურთ, საკონსულოში უნდა აჩვენონ, რომ მათ აქვთ მჭიდრო კავშირი მშობლიურ ქვეყანასთან და რომ წინასწარ განსაზღვრული მიზნის შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვებენ ამერიკის ტერიტორიას. საიმიგრაციო ვიზა კი სჭირდებათ მათ, ვისაც ამერიკის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრების უფლების მოპოვება სურთ.
არასაიმიგრაციო ვიზის გავრცელებული ტიპებია ბიზნეს და ტურისტული ვიზა, სამუშაო ვიზა, სტუდენტური ვიზა, გაცვლითი ვიზიტორის ვიზა, ტრანზიტული/გემის ეკიპაჟის ვიზა, რელიგიური მსახურების ვიზა, დასაქმებულთა ვიზა, ჟურნალისტებისა და მედია ვიზა და სხვა.
არასაიმიგრაციო ვიზის ტიპის განსაზღვრის შემდეგ ღირებულების გადახდაზე ჯერი დგება.
გაითვალისწინეთ, რომ ვიზის აპლიკაციის საფასურის გადახდა იმის მიუხედავად მოგიწევთ, მიიღებთ თუ არა ვიზას.
ვიზის თქვენ მიერ შერჩეული ტიპი მის ღირებულებას განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ღირებულება დოლარის ეკვივალენტშია მითითებული, გადახდა ადგილობრივი ვალუტაში უნდა განხორციელდეს. საფასურის გადარიცხვა საქართველოში შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალის დახმარებით.
ღირებულება ვიზის ტიპის მიხედვით
• დიპლომატები და უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები ("A") - 160$
• ტურისტები და ბიზნესმენები ("B-1/B-2") - 160$
• სატრანზიტო ("C") - 160$
• ეკიპაჟის წევრები ("D-1") - 160$
• სტუდენტები (სწავლის პერიოდი) - 160$
• ჟურნალისტები ("I") - 160$
• გაცვლითი პროგრამის მონაწილეები (“J-1”) - 160$
• სტუდენტები (არდადეგები) - 160$
• ტრეფიკინგის მსხვერპლი ("T") - 160$
• დანაშაულის მსხვერპლი ("U") - 160$
• სეზონური სასოფლო-სამეურნეო ("H-2A") და არასასოფლო-სამეურნეო დროებითი მუშაკები ("H-2B") - 190$
• კომპანიის სხვადასხვა ფილიალებს შორის მუშაკების გადაადგილება ("L-1") - 190$
• არაორდინალური შესაძლებლობის მქონე პირები ("O") - 190$
• სპორტსმენები და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები ("P") - 190$
• რელიგიის მსახურები ("R") - 190$
• საქმრო ან საცოლე ("K-1") - 265$
• მოვაჭრეები ("E-1") და ინვესტორები ("E-2") - 205$