უკვე სამი წელია, ქართულ ბაზარზე ცხოველების ტანსაცმლისა და აქსესუარის ბრენდი LUXURY ANIMALS მომხმარებელს ექსკლუზიური დიზაინის პროდუქციას სთავაზობს.
დღეს კომპანიის დამფუძნებელი ალინა გაბდულინა უკვე გაზრდილ მოთხოვნასა და ახალ გეგმებზე საუბრობს.
ძაღლებისთვის სხვადასხვა ზომის საწოლები, ტანსაცმელები და აქსესუარები ალინას დიზაინით იქმნება. ყველა საქმეს, რაც LUXURY ANIMALS-ს ეხება, კომპანიის დამფუძნებელი თავად ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ასეთი ჩართულობა წარმატების მისაღწევად აუცილებელია, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე.
ძაღლებისათვის ახალი ბრენდის შექმნა ცხოველების სიყვარულმა გადააწყვეტინა. მაშინ როცა ალინამ თავისი საყვარელი საქმიანობა ბიზნესგეგმად აქცია, ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის კომპანია არ იყო.
„გადავწყვიტე მცირე რესურსით დიდი მიზნები დამესახა და ამ ყველაფრისთვის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმეღწია. კომპანია ჯერ კიდევ განვითარების საწყის საფეხურზეა. თუმცა მოთხოვნა ნამდვილად არის. შესაბამისად, მეც სამომავლო გეგმებზე დავფიქრდი და უახლოეს პერიოდში ბევრი სიახლე მექნება,“- ამბობს სტარტაპერი ალინა. მისი თქმით, ქართული ბაზარი გაჯერებულია ძირითადად ჩინეთიდან იმპორტირებული, დაბალი ხარისხის აქსესუარებითა და ტანსაცმლით, ევროპულის შეძენა კი მომხმარებელს საკმაოდ მაღალ ფასად უწევს. შესაბამისად, ქართული ალტერნატივა ძაღლის პატრონებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია.
„ზოო-საქონლის ბაზარმა ჩემი პროდუქტი ძალიან კარგად მიიღო. თბილისის ზოო-მაღაზიების უმრავლესობა, როგორ წესი, მომხმარებელს ერთფეროვან, საკმაოდ დაბალი ხარისხის ტანსაცმელსა თუ სხვა აქსესუარს სთავაზობს. ამიტომ ბაზრის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი ბრენდი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ექსკლუზიური დიზაინითა და მაღალი
ხარისხით. სამი წელია ამ მიმართულებით მივდივარ და გზიდან გადახვევას არც მომავალში ვაპირებ.“-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ძაღლის ტანსაცმელებზე მოთხოვნა განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იზრდება. როგორც ალინა ამბობს, სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და ქსოვილისგან შექმნილი ქურთუკები, კომბინიზონები და ჟაკეტები მომხარებლებს განსაკუთრებით ხელმისაწვდომი ფასისა და შესაბამისი ხარისხის გამო მოსწონთ.
ალინა გაბდულინას განმარტებით, საწოლები ნატურალური ქსოვილისგან იკერება და არ აღიზიანებს ძაღლის კანს. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება დამოკიდებულია საწოლის ზომაზე და საშულაოდ, 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. 30-40 ლარის ფარგლებში კი ძაღლისთვის შესაფერისი ტანსაცმლის შეძენააა შესაძლებელი.
LUXURY ANIMALS ცოტა ხნის წინ საბერძნეთში გამართულ ძაღლების გამოფენაზე იყო წარდგენილი, საიდანაც კომპანიამ საბითუმო შეკვეთებისც მიიღო.
რამდენიმე თვეში LUXURY ANIMALS ახალი ფართის დაქირავებას, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდასა და უფრო მეტი პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. ამისთვის კი კომპანიას ფინანსები სჭირდება. ამ მიზნით, ალინა გაბდულინა უკვე ჩაერთო „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაში. კომპანია ახლო მომავალში სტარტაპ სესხით სარგებლობასაც აპირებს.
ქრისტინე გამთენაძე