საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს შეხვედრა იტალიის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაში აგრარული მიმართულებით საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესებული იტალიელი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუმრებს აგრარულ დარგში არსებული ვითარების, მათ შორის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ლევან დავითაშვილმა საქართველო-იტალიას შორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად „აგრიჯორჯია“ - ფერერო ჯგუფი დაასახელა, რომელიც საქართველოში მეთხილეობის დარგში საქმიანობს.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობა ის მიმართულებაა, სადაც როგორც საქართველოს, ასევე იტალიას აქვს დიდი პოტენციალი და, შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს და იტალიელ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიმართა. იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელია.
ფორუმი 2017 წლის მარტში რომში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო.