გავლენიანი ამერიკული გამოცემა Forbes-ი საქართველოში ტურიზმის სტრატეგიას წარმატებულად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოში ტურიზმს სულ უფრო სერიოზულად ეკიდებიან. ამის მაგალითია იასპერ ბლექი, ჰოლანდიელი ტურისტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისას 2016 წლის მე-6 მილიონე ვიზიტორი აღმოჩნდა. ჰოლანდიელი ტურისტი აეროპორტიდან მერსედესით გააცილეს, წითელ ხალიჩაზე დახვედრა მოუწყვეს და სადილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეახვედრეს. ამ კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდიც შეიქმნა, სადაც ქართველებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში, თუ რა კერძით გამასპინძლებოდნენ მე-6 მილიონე ვიზიტორს - ხინკლით თუ შქმერული წიწილით”, - წერს ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი.
Forbes-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება.
"2011 წელს საქართველოს 2.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 2016 წელს კი ამ რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. ეს დიდი მოვლენაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს. საქართველო მოულოდნელად მოგზაურთა რადარზე გამოჩნდა. 2015 წელს საქართველომ New York Times-ის მიხედვით, 25-ე პოზიცია დაიკავა 52 ტურისტულ მიმართულებას შორის. საქართველოს მიმართულებით ევროპიდან ახალი ავიარეისები დაინიშნა. ეს ქვეყანა Conde Nast Traveler’s სიაში ღვინის ყველაზე ცხელ მიმართულებად არის აღიარებული”, - ნათქვამია სტატიაში.
Forbes-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველა ფრონტზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკაში პოზიციების გამყარებას.
”2015 წელს საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი ტურისტული სტრატეგია შექმნა, რომლის მიზანია, მთელი მსოფლიოდან მაღალმხარჯველ ტურისტთა ნაკადების მოზიდვა. საქართველო ყოველთვის იყო კულტურის, სტუმარმასპინძლობისა და სითბოს სინონიმი. სტუმრებს საქართველოში ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს უწოდებენ. საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს უდიდეს ტურისტულ მიმართულებად იქცეს. ეს ქვეყანა გამოირჩევა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლებით, ალპური მთიანი სოფლებით, შუასაუკუნეების მონასტრებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი, მაგრამ საქართველოს მსოფლიო რუკაზე დამკვიდრებას ალბათ ყველაზე მეტად ხელი შეუწყო ღვინის კულტურამ. ეს ტრადიცია 8 ათასი წლით თარიღდება. ბორცვებზე გაშენებული შესანიშნავი ვენახები იტალიის ტოსკანას მოგაგონებთ, საქართველო ცნობილია ასობით უნიკალური ვაზის ჯიშით. კახეთი ყველაზე გამორჩეული ღვინის რეგიონია საქართველოში, აქ ბერები ქვევრში ღვინოს ამზადებენ”, - წერს ჟურნალისტი.
სტეფან რაბიმოვი სტატიაში აღწერს ქვევრს და ღვინის ფერმენტაციის წესებს, ასევე საუბრობს საზღვარგარეთ ნასწავლ ქართველებზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ტურისტულ სექტორში დასაქმდნენ.
"ნინო ტურაშვილი, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუშაობს, კარგი მაგალითია ახალგაზრდა, მობილური პროფესიონალის. ის საქართველოში ცოდნით და ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თეორიით დაბრუნდა”, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მოყვანილია ნინო ტურაშვილის ციტატაც: ”საქართველოში ყოველთვის იყო სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მაგრამ საჭიროა ადგილობრივი პატარა ბიზნესის მფლობელებმა ისწავლონ თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის სტანდარტების დაცვა და ამავდროულად შეინარჩუნონ გულუხვობა და სტუმარ-მასპინძლობის ქართული სული”.
Forbes-ის სტატიაში მოყვანილია წარმატებული ბიზნესმაგალითები, თუ როგორ დაიწყეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა საქმიანობა ტურიზმში და მიაღწიეს კარგ შედეგს.
Forbes-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩურჩხელას, რომელიც ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, ასევე ერთ-ერთ უდიდეს პორტალ Amazon-ზე იყიდება.
"ახლახან ერთ-ერთ სამოგზაურო ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში ამბიციური მიზანი დაისახა: 2 წელიწადში აშენდეს 25 ახალი სასტუმრო, გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობით განვითარდეს საოჯახო სასტუმროები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე ამაღლდეს ტურისტული სტანდარტები. საქართველოს მიზანია 2025 წლისთვის ტურიზმიდან $6.6 მილიარდი შევიდეს ქვეყანაში. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველო Google-თან და სამოგზაურო პორტალებთან: Tripadvisor და Expedia თანამშრომლობს, ინოვაციური ხდება ინტერნეტ და სატელევიზო კამპანიები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი კამპანია, როგორიცაა მე-6 მილიონე ვიზიტორის სტუმრობა საქართველოში. რაც შეეხება იასპერ ბლექს, ის საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი კვირა საკმარისი არ იყო ამ ქვეყანაში. მან გვითხრა, რომ მოგზაურობა შეწყვიტა და საქართველოში მონაწილეობა მიიღო კონკურსში "ცეკვავენ ვარსკვლავები". თბილისში პირველად ჩავლისას ბლექს დიდი ბილბორდით დახვდნენ, სადაც ეწერა - "ის ჩამოვიდა". როგორც ხედავთ საქართველოში ტურიზმის სტრატეგიამ გაამართლა”, - ნათქვამია სტატიაში.