ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 21.6 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება

ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 21.6 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ენგურჰესის სადაწნეო გვირაბი ავარიულ მდგომარეობაშია, დიდია ფილტრაციული დანაკარგები, მრავალ ადგილას დაზიანებული გვირაბის ბეტონის მოსახვა; დაზიანებულია 1-ლი, მე-2 და მე-5 ტურბინების წყალსატარები; უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია გზის საფარი; აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად განადგურებულია წყალსაშვის ფარები; წყალსაცავში ლამის მაღალი დონის გამო შეუძლებელია მისაყრდნობი ფარის ჩაშვება კაშხლის ზედა ბიეფის მხრიდან.

„ენგურჰესის ექსპლუტაციის ნორმების თანახმად სადერივაციო გვირაბი ყოველ ხუთ წელიწადში საჭიროებს დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რათა შემცირდეს სადერივაციო გვირაბში გამავალი წყლის დანაკარგები და გაიზარდოს გამომუშავება. 2018 წელს დასრულდება პროექტირება, მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და ჩატარდება ტენდერები მშენებელი კონტრაქტორებისათვის. დაიწყება ენგურჰესთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყება და 2021 წლამდე ეტაპობრივად ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია: ენგურჰესის 15 კმ სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაცია; ენგურჰესის სატურბინო მილსადენების რესტავრაცია; ენგურჰესთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, 14კმ გზის ბეტონით მოსახვა. ენგურის კაშხლის ელექტრომომარაგების სისტემის განახლება; მდინარე ენგურიდან ვარდნილის წყალსაცავში გადამგდები ფარების, ასევე ვარდნილჰესი 2-ზე არხის მარეგულირებელი ფარების და ამწის რეაბილიტაცია; ენგურის წყალსაცავის ნატანისგან გაწმენდის კონცეფციის შემუშავება და გაწმენდის სამუშაოების ჩატარება“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ამასთან, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, 2019 წელს ბიუჯეტიდან 37,5 მილიონზე მეტი, 16,7 მილიონზე მეტი, ხოლო 2021 წელს 18,6 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. პროექტის მთლიანი თანხა კი დაახლოებით, 163,6 მილიონ ლარზე მეტია.

მომავალ წელს ენგურჰესის“ გაჩერებასა და გვირაბის სრულ რეაბილიტაციაზე განცხადება მიმდინარე წლის დასაწყისში ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა კახა კალაძემაც გააკეთა.