მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 63%-ით აღემატება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 44% (5537261), რუსეთი - 95% (33243157), უკრაინა - 54%(5322683), პოლონეთი - 14% (1869852), ლატვია - 36% (1141778), ბელარუსი - 34% (1054994), აშშ - 81% (346398), გერმანია - 28% (286156), ისრაელი - 305% (170834), მონღოლეთი - 182% (112710), საფრანგეთი - 321% (96790), აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852).
ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ კი 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.