როგორც ღვინის მარკეტოლოგები ამბობენ, ინფორმაცია, რომელიც ღვინოს, მის თვისებებს, წარმოების ადგილსა და, ზოგადად, ნაწარმის დადებით მხარეებს მოიცავს, ზედმიწევნით დეტალურ შესწავლას საჭიროებს.
ამ ყველაფრის ანალიზზე უნდა აიგოს გაყიდვების სტრატეგია. ეს დეტალები კი უშუალოდ აისახოს ბრენდის სახელზე, ეტიკეტზე, შეფუთვასა და მთლიან სარეკლამო კამპანიაზე.
მთავარი ამოცანაა, განისაღვროს ღვინის სახელი, თუ რას ეუბნება მომხმარებელს, ასევე დიზაინი და ის გზავნილი, რომელიც ღვინოს გაყიდის. არანაკლები მნიშვნელობა აქვს იარლიყსაც. საერთოდ, მომგებიანად მიიჩნევა სადა, უპრეტენზიო იარლიყი, რომელზეც ოდნავ ძველი სტილის კალიგრაფიით იქნება წარწერა. მთლიანობაში ეს სიძველისა და დახვეწილობის ასოციაციას ქმნის, თუმცა ასეთი დიზაინი იმდენად პოპულარულია, რომ თითქმის ყველა ღვინის ბოთლზე წააწყდებით, რის გამოც ეს უპირატესობად ვერ ჩაითვლება. სულ სხვა საქმეა ფრანგული ღვინოების - Château Mouton-Rothschild-ის დიზაინი. ის აერთიანებს სიძველის, კრეატიულობისა და კარგი გემოვნების ასპექტებს, რაც გარდა იმისა, რომ ლამაზია, პოზიტიურად მოქმედებს მყიდველის არჩევანზე. ამისთვის პროფესიონალი მარკეტოლოგებისა და დიზაინერების მომსახურებაა საჭირო, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამაზე ეკონომიის გაკეთება ნამდვილად არ ღირს - ეს ის ინვესტიციაა, რომელიც შემდგომში აუცილებლად დიდ მოგებას მოიტანს.
TI Beverage Group-ის დამაარსებელმა და პრეზიდენტმა, მაიკლ მეჩეტმა, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების შედეგად, კარგად იხეირა. მას არ დაუწყია უნიკალური ღვინოების შექმნა და ახალი ჯიშების გამოყვანაზე ზრუნვა. მან უბრალოდ დაამზადა საშუალო ხარისხის ღვინო და სწორად გათვალა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მომხმარებელი. მას სჭირდებოდა სახელი, რომელიც დახლებს შორის არ დაიკარგებოდა და ყურადღებას მიიქცევდა და ღვინოს "Vampire" დაარქვა. ის საკმაოდ პოპულარული ღვინო გახდა ახალგაზრდებში, რომლებიც ზოგადად ღვინის არც ისე აქტიური მომხმარებლები და მცოდნეები არიან.