მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო ვერსიაა, პროექტმა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 12 მილიარდ 298 მლნ ლარია. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, შემოსავლები 10 120.0 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 630.0 მლნ ლარია, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 4390.0 მლნ ლარს უტოლდება, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელს, იგი 1 450.0 მლნ ლარით განისაზღვრა. უმრავლესობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მომავალ წელს 760 მილიონი ლარის ოდენობით ვალის დაფარვა იგეგმება და ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის ვალი, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლებში გადაუხდია. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, გაისად ის 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. დაგეგმილია, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 111.2 მლნ ლარით და შეადგენს 3527.0 მლნ ლარს. სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის - 2463.2 მლნ ლარია გამოყოფილი. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 982.8 მლნ ლარი. შსს-ს დაფინანსება იზრდება და 605 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 20 მლნ ლარი გათვალისიწინებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 1283.2 მლნ ლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ ესაუბრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს - რომან გოცირიძეს, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მწვავედ აკრიტიკებს.
“ქვეყნის ბიუჯეტი 950 მლნ ლარით ანუ თითქმის 1 მილიარდით იზრდება, მაგრამ ეს თანხა უამრავ სხვადასხვა მუხლშია მიმოფანტული და რომელ სფეროზე აისახება, არ ჩანს. ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები არ არის გამოკვეთილი. როგორც ჩანს, 2018 წლის ბიუჯეტში 1 თეთრიც ვერ მოიძებნა პენსიების გასაზრდელად. არადა, პენსია დღეს იმაზე ნაკლებია, რაც 5 წლის წინ იყო, ოღონდ რეალურ გამოხატულებაში. გეკითხებით - როდემდე უნდა იყოს ეს ხალხი გაუფასურებული ლარის და ინფლაციის გამო მათხოვრულ მდგომარეობაში?”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
დეპუტატის თქმით, ქვეყანა ვალებში იძირება და მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც გამორიცხავს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
„მარტო შიდა ვალი იზრდება 400 მილიონი ლარით, არანაკლები სისწრაფით იზრდება საგარეო ვალიც. ამ ქვეყანაში ბოლო წლებში რაც კეთდება, ყველაფერი ვალით კეთდება. მთავრობამ ბოლო 6 წელიწადში (თუ 2018 წლის 400 მილიონსაც დავუმატებთ) მარტო შიდა ვალი 3 მილიარდი ლარის ოდენობით აიღო. ეს 3 მილიარდი სხვადასხვა სფეროში იხარჯება, მათ შორის, ჯანდაცვაში, რომელმაც უკვე მილიარდი ლარი „შეჭამა“, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს. ვალმა უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, სამაგიეროდ, ჩვენი მშპ-ი ძალიან ნელი ტემპით იზრდება, ის სასაცილო მოცულობისაა: 35-40 მილიარდი ლარი, თუ დოლარში ვიანგარიშებთ, კაპიკებია. ქვეყნის ვალმა მშპ-ის 50%-ს მიაღწია, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 34% იყო. რასაც ხედავთ, ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს აშენდა - გაიხედეთ მარჯვნივ, მარცხნივ, ან ცაში აიხედეთ, ან მიწაზე დაიხედეთ - რასაც კი დაინახავთ, ყველაფერი იმ წლებშია აშენებული, ან დაწყებული. ახლა კი, ყველაფერი ვალებით კეთდება, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. ავიღოთ თუნდაც ანაკლიის პორტი, რომელიც უკვე დასრულებული უნდა იყოს და ნორმალურად არც კი დაწყებულა, მსგავსი პროექტების ჩამოთვლა კიდევ შემიძლია“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
პარლამენტარის შეფასებით, ჩვენი ვალი სახიფათო არ არის იმ მეთოდიკით, რომლითაც მთავრობა ანგარიშობს, რადგან მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ვალს არ ითვლის.
„მარტო რკინიგზას 1 მილიარდზე მეტი ვალი აქვს, თუ სხვა საწარმოების ვალებსაც დავაჯამებთ, საქართველოს სახელმწიფო ვალი კრიტიკულ ნიშნულს უკვე დიდი ხანია გადასცდა. ასე რომ, მთავრობას შეუძლია უსასრულოდ აიღოს ვალები და მერე სხვა მთავრობას გადაულოცოს მათი გასტუმრება. ვალებით საქმის კეთება ზომიერ ფარგლებში შეიძლება, მაგრამ რასაც ესენი აკეთებენ, უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება. რაც შეეხება 4,5%-იან ზრდას, პირდაპირ სასაცილოა - თუ ასეთი ტემპით ვივლით, 15-20 წლის შემდეგაც საქართველო ევროპაში ყველაზე მაჩანჩალა ქვეყანა იქნება“ - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი.
უმრავლესობა ოპონენტების ბრალდებებს არ ეთანხმება, მათ შორისაა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - რეზო არველაძე.
„ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შემოიტანეს. ეს სამუშაო ვერსიაა, მაგრამ ოპოზიცია მას უკვე აკრიტიკებს. პროექტის განხილვა პარლამენტში 11 ოქტომბრიდან დაიწყება. თუ რაიმე დასახვეწია, უნდა დაიხვეწოს, რაც შესაცვლელია, უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მომავალი წლის ბიუჯეტშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი. ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, როგორიცაა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა. მე ეს პროექტი ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის დასრულებაც საჭირო და აუცილებელია. ის 2018 წელს ვერ დასრულდება, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე პორტის მოწყობაზე უნდა დაიწყოს სერიოზული მუშაობა. ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ენერგეტიკულ პროექტებს, რადგან ჩვენთვის ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესი გზაა: ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და იმპორტიც მატულობს, რაც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას დაბლა სწევს“, - აცხადებს რევაზ არველაძე.
დეპუტატის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ვალს არ იღებდეს და საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი.
„მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციები ზოგჯერ შეღავათიან, 1,5-2%-იან ვალებს გამოყოფენ და როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ? ეს თანხა ხომ ეკონომიკის განვითარებას უნდა მოხმარდეს? ვინმემ რომ გადახედოს, რამდენია აშშ-ის და სხვა მოწინავე ქვეყნების ვალი, საქართველოს ვალი აღარ გაუკვირდება. მით უმეტეს, ის ვალები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად არის მოზიდული, გრძელვადიანია - 15, 20 წლის და უფრო მეტი ხნის შემდეგ უნდა დავფაროთ. თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს, ვალი კიდეც უნდა ავიღოთ და კიდეც დავფაროთ. კრიტიკოსებს შევახსენებ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 12 მილიარდს აჭარბებს, აქედან ხარჯვითი ნაწილი 9,5 მილიარდია, ასე რომ, ვალში გასაცემი 760 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელსაც ბიუჯეტი ვერ გაწვდება“, - აღნიშნავს რევაზ არველაძე.
დეპუტატის აზრით, 4,5%-იანი ზრდაც რეალურია: „მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდეს, თუმცა ეკონომიკის ზრდის ტემპები მთელ მსოფლიოშია დაცემული. ჩემი ვარაუდით, რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6-7% გახდება, რაც საქართველოსთვის სავსებით მისაღები იქნება“, - აცხადებს რეზო არველაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე