პირველი მრავალპროფილური ინტერნეტმაღაზია ყვავილებისა და მებაღეობის მოყვარულებისთვის

გაგაცნობთ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებმაც საქართველოში პირველებმა შემოიტანეს მცენარეების თესლებისა და ნერგების, ყვავილების, მცენარეების მოვლის საშუალებების ონლაინ-გაყიდვა.

გვესაუბრება შპს "ჯორჯიან ფლაუერსის" ხელმძღვანელი მარიამ ზედგინიძე.

http://greengarden.ge/index.php?run=cart/home

- ჩვენი მთლიანი კოლექტივი ქალებით ვართ დაკომპლექტებული. საუკეთესო თანამშრომლები გვყავს, რომლებიც მამაკაცებს არაფრით ჩამორჩებიან... არ არსებობს წინააღმდეგობა, როდესაც ჩვენ გამოსავალს ვერ ვპოულობთ.

ჩვენი კომპანიის საქმიანობის სფერო არის დეკორატიული მებაღეობა, ლანდშაფტი, კეთილმოწყობა... ორი მთავარი მიმართულება გვაქვს: კომერცია, გაყიდვები და მომსახურება... საქმიანობა იმით დავიწყეთ, რომ გავხსენით მებაღეობის ინტერნეტმაღაზია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მცენარეების და მისი მოსავლელი საშუალებების შეძენა... ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ აგრონომი გახლავართ და მცენარეებთან შეხება მქონდა. ჩვენთან ძალიან მწირი ბაზარი იყო და სულ მენატრებოდა, ჩვენც ისეთი ინტერნეტმაღაზია გვქონოდა, უცხოურ საიტებზე რომ ვათვალიერებდი და ათასგვარი შეთავაზება ჰქონდათ მყიდველისთვის. დაახლოებით სამი წელია, საქართველოდანაც არის შესაძლებელი, უცხოური საიტებიდან ყვავილები თუ თესლები გამოიწერო, მაგრამ იმ დროს, როდესაც მე ეს იდეა მომივიდა, ამის შესაძლებლობა არ არსებობდა. ინტერნეტმაღაზია 2011 წელს დავაფუძნე. თავიდანვე ვინც გვყავდა კლიენტები, დღესაც ჩვენი ყველაზე ერთგული მომხმარებლები არიან. ვინც ჩვენგან იწერს საქონელს, სხვაზე არასოდეს გვცვლის. მომხმარებლის ასეთი ნდობა ჩემთვის უმთავრესია და 7 წლის მანძილზე ამას ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი. ასორტიმენტის მრავალფეროვნებაში ჩვენ ვიზღუდებით. დიდი მოცულობის ტვირთს ვერ გაგზავნი, რადგან ვერ მოწესრიგდა საფოსტო მომსახურების საკითხი. ცოცხალ მცენარეებს თავის სპეციფიკური შეფუთვა სჭირდებათ, დიდი წონა აქვს და ჯერჯერობით ვვითარდებით უფრო მცირე საქონლის გაგზავნაზე...

საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს ხელმისაწვდომობა. რეგონებიდან მეტი მომხმარებელი გვყავს, ვიდრე თბილისიდან. თბილისიდან გვწერენ, მაგრამ შემდეგ მოდიან და თვითონ გააქვთ.

მებაღეობის სფეროში ინტერნეტმაღაზიები კიდევ დაარსდა ბოლო წლებში. თუმცა როგორც ვიცი ისინი მხოლოდ ბოლქვებს ყიდიან და ასე სრული ასორტიმენტით, ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ ვრჩებით. ბაზარზე კონკურენტი ამ წუთას არ გვყავს საქართველოში.

ჩვენი ინტერნეტმაღაზიის მეორე მიმართულება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ეს არის აგროტექნიკური ინფორმაცია მცენარეების მოვლაზე დანიშნულების მიხედვით და მათი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. ამ თემებზე გვაქვს განახლებადი ინფორმაცია საიტებზე, ყოველკვირეულად ვაახლებთ დეკორატიული ბაღის მოვლის კალენდარს. ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ნახოს, რომელი დღეა უფრო რეკომენდებული სამუშაოს შესასრულებლად. ეს გახლავთ აგროკალენდარი და ამავდროულად მთვარის გავლენიდან, მცენარისთვის რა უფრო სასურველია.

რაც შეეხება მომსახურების თემას, ეს ეტაპობრივად განვითარდა... ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც მცენარე მიაქვს და სურს, სწორად შეურჩიო ადგილი და დაურგა, რასაც პროფესიული ცოდნა სჭირდება. თავიდან ძალიან თავპატიჟს ვიდებდი, რადგან დრო არ მყოფნიდა, მაგრამ შემდეგ იმდენად მოთხოვნადი გახდა ეს მომსახურება, ამას მოჰყვა ბაღების გაშენება და მოვლა.

დღეისთვის მომსახურებას ვუწევთ როგორც კერძო სექტორს, ისე სასტუმროებს, ოფისებს... …

ინტერნეტმაღაზიის დაარსებისთანავე თავად დავიწყე მცენარეების გამრავლება, რადგან არ შეიძლება ასეთი პატარა ბაზრის მქონე ქვეყნიდან იმპორტზე იყო დამოკიდებული. საქონელს რასაც ვყიდით, 70 პროცენტს თვითონ ვაწარმოებთ. სანერგე მეურნეობა გვაქვს სოფელ დიღომში და კახეთში, თელავის რაიონში.

https://www.facebook.com/greengarden.ge/

(R)