ბათუმის ახალი ელექტრო და თანამედროვე სტანდარტების დიზელზე (euro 5) მომუშავე ავტობუსების შესაძენად ბიუჯეტიდან მომავალ წელს 9,1 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.
ამის შესახებ, ინფორმაცია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული.
პროექტის მიხედვით, ავტობუსების შესაძენად 8 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება 2019 წელსაც, 2017 წლის გეგმით კი 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში კი პროექტის განხორციელება 30,1 მილიონი ლარი დაჯდება.
ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 30 ავტობუსის შეძენა. აქედან 10 ელექტრო, ხოლო 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი იქნება.
ამასთან, როგორც ივლისში ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, ახალი ავტობუსები სპეციალურად შერჩეული მიმართულებით აეროპორტი-ქალაქის ცენტრი/რკინიგზის სადგურის მარშრუტით იმოძრავებენ.