საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება.
სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS ტექნოლოგიით –ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება.
ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფელ საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის - ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.
ამ ეტაპზე, ხიდზე მალის ნაშენის, ტროტუარების, რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, კმ30-კმ33 მონაკვეთებზე საავტომობილო კვანძთან ხორციელდება არსებული გზის მიერთებების სამუშაოები.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079 ლარია“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.