გიორგი სიგუა - სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა „ჯემ ფესტის“ ორგანიზატორებს საქმეს გაუადვილებს

„ჯემ ფესტის“ ორგანიზატორის, გიორგი სიგუას განცხადებით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აუცილებლად გაიმართება, თუმცა შემცირებული რესურსებით.

სიგუა ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა ფესტივალის ორგანიზატორებს საქმეს პირიქით, გაუადვილებს.

”დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს „ჯემ ფესტისთვის“ სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.

შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.

პირველი: ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ. „ჯემ ფესტი“ შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს, ისევე როგორც სხვა პროექტებმა, ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად, თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას, რასაც ანაკლიაში 32-დღიანი „ნონ სტოპ“ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ, „ჯემ ფესტი“ ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა.

რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს. ვის რა უნდა გაეკეთებინა, ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში). ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ”, - განაცხადა სიგუამ.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „ჯემ ფესტი“ სახელმწიფომ აღარ უნდა დააფინანსოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წელსაც გაგრძელდება ტურიზმის მხარდაჭერა, თუმცა რა სახის პროგრამებით მოხდება ეს, მოგვიანებით დაზუსტდება. მისივე თქმით, პროქტი Check in Georgia დიდი ალბათობით გაგრძელდება, მაგრამ მის ეფექტურობაზე სერიოზული მსჯელობა იქნება.