კომისიის სხდომაზე 16 მშენებარე ეკლესიის 10 000 ლარით დაფინანსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, დღეს 16 მშენებარე ეკლესიის 10 000 ლარით დაფინანსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კომისიის სხდომაზე მათ 17 საკითხი განიხილეს, რომელიც მშენებარე ეკლესიებისთვის ფინანსურ დახმარებას ეხებოდა.

კომისიამ 16 საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ერთი საკითხის განხილვა მოუმზადებლობის გამო გადაიდო.

“სულ 17 საკითხი განვიხილეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებარე ტაძრებისთვის ფინანსური დახმარების თაობაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, 16 ეკლესიის მშენებლობის დაფინანსების შესახებ, თანხა დიდი არ არის, დაახლოებით 10 000 ლარზეა საუბარი. ერთ საკითხზე დოკუმენტაცია ხარვეზით იყო წარმოდგენილი”, - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება თანხის გადაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. აღნიშნულ თანხას გამგეობები გამოყოფენ.