"ლიბერთი ბანკმა" 382 484 აგრო ბარათი გასცა

ამ დროისთვის, ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შედეგად, მიწის დამუშავება უკვე 140 ათასამდე ფერმერს გაუადვილდა.

”ლიბერთი ბანკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ფერმერებისთვის 382 484 აგრო ბარათი გასცა. ბანკის მიერ გაცემული 382,484 აგრო ბარათიდან იმერეთში გაიცა 64 320, კახეთში – 57 338, სამეგრელოში – 44 287, ქვემო ქართლში – 44 270, შიდა ქართლში – 40 551, აჭარაში – 35 771, თბილისში – 31 919, სამცხეში – 23 517, გურიაში – 21 537, მცხეთა-მთიანეთში – 12 252, რაჭაში – 5 347, სვანეთში – 1 375.

"ლიბერთი ბანკი" "აგრო ბარათის" პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად 2014 წლის 17 თებერვლიდან ახორციელებს. პროექტი ვრცელდება ფერმერებზე, რომელთა მფლობელობაშიც 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია. პროექტების მართვის სააგენტო ფერმერებს "აგრო ბარათზე" ურიცხავს დახმარებას (ქულებს) საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის შესაძენად.

"აგრო ბარათი" PAY სისტემის ბარათია და მისი მიღება ფერმერს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვისცენტრში შეუძლია. ის წარმოადგენს სრულყოფილ მულტისავალუტო საბანკო ბარათს, რომლის მოქმედების ვადაც 10 წელია.