„ტესლას“ და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ცნობილია თავისი ინოვაციური იდეებით.
ბევრი სკეპტიკურად უყურებს მის იდეებს და ხშირად მასკს „შეშლილად“ მოიხსენიებს.
"ბიზნეს ინსაიდერი" გთავაზობთ ამერიკელი მილიარდერის იდეებს, რომლის განხორციელებაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, თუმცა მასკს სჯერა, რომ განახორციელებს მათ.
2024 წელს ტურისტები მარსზე სელფებს გადაიღებენ
SpaceX-მა უკვე დაიწყო პლანეტათაშორის ტრანსპორტირების სისტემის პროექტზე მუშაობა, რომლის კოდური სახელწოდებაც BFR-ია.
„მარსზე სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე ვმუშაობთ, თუმცა მარსზე მოგზაურობას და სელფების გადაღებას ადამიანებიც შეძლებენ“, - ამბობს მასკი.
მარსიანელთა მმართველობა
„ვფიქრობ, მარსზე მმართველობის ყველაზე სწორი ფორმა პირდაპირი დემოკრატია იქნება, ანუ ადამიანები სხვადასხვა საკითხებზე ხმის მიცემას პირდაპირი წესით შეძლებენ“, - ამბობს მასკი.
SpaceX-ის რაკეტები
„იმ მანძილის დაფარვა, რაც ბევრი ადამიანისთვის ხანგრძლივი მოგზაურობაა, ნახევარ საათში გახდება შესაძლებელი ჩვენი რაკეტებით“, - განაცხადა მასკმა ავსტრალიაში გამართულ ასტრონავტთა კონგრესზე.
ადამიანები მარსზე სიკვდილისთვის მზად უნდა იყვნენ
„პირველი მოგზაურობა მარსზე ძალიან სახიფათო იქნება. სიცოცხლის ფატალურად დასრულების რისკი მაღალი იქნება“, - განაცხადა მასკმა.
მარსზე სიცოცხლის სავსე ქალაქები იქნება
როგორც მასკმა Reddit AMA-ზე გამოსვლისას განაცხადა, მისი სურვილია „წითელ პლანეტაზე“ სიცოცხლე ჩქეფდეს და იქ მისულებს დავხდეთ ყველაფერი, დაწყებული ქარხნებიდან, დამთავრებული პიცერიებით.
მარსზე სიკვდილი ცუდი იდეა არ არის
„თუ გარდაცვალებისთვის ადგილის ძიებაში ხართ, ჩემი აზრით, მარსი ცუდი არჩევანი არ არის“, - განაცხადა მასკმა.
ჩვენ უკვე კიბორგები ვართ
მასკის თქმით, ჩვენი ციფრული შესაძლებლობები, ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ისეთივე სუპერძალას გვაძლევს, როგორიც კიბორგებს აქვთ.
„თქვენ იმაზე მეტი ძალა გაქვთ, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტს 20 წლის წინ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვას უპასუხოთ, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მიმდინარე მოვლენებს ადევნოთ თვალი და უყუროთ ინტერვიუებს, ვისთანაც გინდათ. თქვენ შეგიძლიათ წარმოუდგენელი საქმეები აკეთოთ და მილიონობით ადამიანს ეკონტაქტოთ მეილების მეშვეობით“, - მიაჩნია მასკს.
ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ჩვენი ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე იყოს
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ უნდა არსებობდეს საკანონმდებლო რეგულაცია, შესაძლოა ეროვნულ ან სულაც საერთაშორისო დონეზე, რათა რაიმე სისულელე არ ჩავიდინოთ. ხელოვნური ინტელექტით ჩვენ ეშმაკს ვიწვევთ“, - აღნიშნავს მასკი.