ბიზნესინტერესები ხელისუფლებაში ქართული პოლიტიკის ნორმად იქცა?!
"ოცნებაში" ყოფილი "ნაციონალების" შედინება წელს განსაკუთრებული რაოდენობით დაფიქსირდა, რამაც პარტიის შტაბის წევრები გაანაწყენა. იქაც პარალელური ბრძოლები მიმდინარეობს, რაც ქაოსს ქმნის. ამიტომაც შეიცვალა რამდენიმე ისეთი კანდიდატი, რომელთა ბილბორდები უკვე იყო ქალაქში გაკრული. მაგალითად, თელავში, ბორჯომში, მარნეულშიც კანდიდატები შეიცვალნენ - ანუ კლანი კლანს უპირისპირდება, ინტერესები ინტერესებს
საქართველოში სკოლის მოსწავლემაც იცის, რომ არსებული კანონმდებლობით პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებსა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიზნესსაქმიანობა ეკრძალებათ. საზოგადოების ნებისმიერმა ფენამ თუ ასაკობრივმა ჯგუფმა ასევე კარგად იცის, რომ არაერთი დეპუტატი თავის მდგომარეობას საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად იყენებს. ქვეყნდება კვლევებიც, ფაქტები დოკუმენტებითურთ, რაც სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, თუმცა, ალბათ, უკვე მეორე ათეული წელია მსგავსი საქმეები პერიოდულ სკანდალებს იქით რატომღაც არ მიდის. მეტიც, ბიზნესინტერესები ხელისუფლებაში თითქოს ქართული პოლიტიკის ნორმადაც კი იქცა, თუმცა, ახლა პოლიტიკურ ელიტაში გამოკვეთილ კიდევ ერთ ახალ ტენდენციაზე გიამბობთ - ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული"პოლიტბიზნესმენების ნაწილს სახელმწიფო თანამდებობის პირის სტატუსთან ერთად, დირექტორის პოსტიც არ ეთმობა, ნაწილი კი სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოებას ატყუებს და დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას მიუთითებს.
"საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს ბიზნესთან უშუალო კავშირი აქვს"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ამჯერად თბილისის საკრებულოს წევრების ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა და მათ ბიზნესფესვებსაც მიაგნო. როგორც ირკვევა, საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს ბიზნესთან უშუალო კავშირი აქვს, მათ შორის სამი - გიორგი ტყემალაძე, ლევან დარახველიძე და ლია ჯახველაძე დღემდე კომპანიების დირექტორებად ირიცხებიან. იგივე დეპუტატები ფიგურირებენ საკრებულოს იმ წევრების ჩამონათვალშიც, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად შეავსეს - გიორგი ტყემალაძემ, ლია ჯახველაძემ, გიორგი ახვლედიანმა, გიორგი მუსხელიშვილმა და გულიკო ზუმბაძემ საკუთარი შემოსავლების შესახებ საჯარო ინფორმაცია დამალეს და დეკლარაციაში კერძო კომპანიებში თავიანთი წილების შესახებ არ მიუთითეს. რაც შეეხება დეპუტატების ოჯახის წევრების კავშირს ბიზნესთან, დეპუტატების ნაწილი, მათ შორის, ავთანდილ დავითაძე, ვლადიმერ ძნელაძე, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც კი ასევე ცდილობენ, დამალონ, რომ მათი ოჯახი ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული. რაც მთავარია, საკრებულოს დეპუტატების კომპანიები ხშირად იმარჯვებენ სახელმწიფო შესყიდვებში. კერძოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატ ლევან დარახველიძესთან დაკავშირებულმა კომპანია შპს "გოლბმა" 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ამავე კომპანიამ 10 გამარტივებულ შესყიდვაში გაიმარჯვა, ჯამში კი მოგებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 658,531.00 ლარი შეადგინა. ნუგზარ მალაღურაძის მეუღლის კომპანია შპს "ჯორჯიან ლიფტსერვისმა" 18 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ამავე კომპანიამ გაიმარჯვა 11 გამარტივებულ შესყიდვაში. დედაქალაქის კანონმდებლებს პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ სამშენებლო კომპანიებთანაც და რამდენად ობიექტური არიან ისინი იმ საკითხზე მსჯელობისას, სადაც საკუთარი ქონებრივი ინტერესები აქვთ, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.
"გამგებლებს ბიცოლები და მამიდები ჰყავთ გამგეობებში"
წინ თვითმმართველობის არჩევნებია. რა მოლოდინი აქვს ექსპერტთა ჯგუფს, რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ ან შეიცვლება თუ არა საერთოდ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:
- რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება და საკრებულოები მერიასთან ერთად ზოგიერთისთვის"ფულის საჭრელ მანქანად დარჩება. დანაშაული მხოლოდ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა არ არის, დანაშაულია ბიზნესის ლობირება, სახელმწიფო ტენდერში შენი კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება, ხელშეკრულებების გაფორმება პირდაპირი შესყიდვის გზით და ა.შ. "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას რომ გადავავლე თვალი, ერთი რუხი სივრცეა, რომელიც როგორც კი საკრებულოში შევა, მოლბება და ისევ წინამორბედის სისტემას ჭანჭიკივით მოერგება. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ახალი ბიზნესლობისტები გვყავდეს საკრებულოში, რომლებიც დაასაქმებენ ახლობლებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებზე გადააფორმებენ ბიზნესებს და საერთოდ, სულაც არ ჩათვლიან თავს ვალდებულად, დირექტორის თანამდებობიდანაც კი გადადგნენ. ქვეყანაში მანკიერი სისტემა დამკვიდრდა, ქალაქის მერი არ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ის ბევრ ვალდებულებას იღებს არა მხოლოდ ინტერესჯგუფების, არამედ პარტიის მიმართაც. საბოლოოდ, მერია კლანების ინტერესების ნოტარიუსად გადაიქცა და ასე იქნება მომავალშიც.
- რეგიონებშიც იგივე მოლოდინი გაქვთ? თუ წინასაარჩევნო პროცესს მივადევნებთ თვალს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, დმანისში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და შესაძლოა, კახა ოქრუაშვილის გუნდმა ვერც მოახერხოს გამარჯვება?
- ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რეგიონებში ვითარებას ცენტრალური ხელისუფლება ვერ მართავს. იქ იმდენად ძლიერი მცირე კლანები არიან გაბატონებული, რომ მათ ვერც კი ეხებიან, კითხვასაც ვერ უსვამენ. გამგებლებს ბიცოლები და მამიდები ჰყავთ გამგეობებში დანიშნული და ეს მხოლოდ მცირედია იმ განუკითხაობისგან, რაც რეგიონებში ხდება, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვებში.რამდენიმე დღის წინ რეგიონიდან მესტუმრა მეგობარი, რომელიც მიყვებოდა, ანტიკორუფციული სამსახური ფაქტზე ვერ აკავებს მექრთამე მაღალჩინოსანს, თუ მას "მძიმეწონიანი" პატრონი ჰყავსო, მძიმეწონიანში კი გამგებელი ან მისი მოადგილე, ან საკრებულოს რომელიმე წევრი იგულისხმება. ისინი იმდენად გადაჯაჭვული არიან ფინანსურად თუ დანაშაულებრივად, რომ ერთმანეთს მფარველობენ, ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგ, რადგან ერთის გაცემა ნიშნავს, რომ საკუთარი თავიც უნდა ამხილონ. მეტიც, დაყოფილია, ვინ სად და რამდენი უნდა"ჭამოს. არჩევნებზეც ყველაფერი უკვე ნაყიდია, რადგან რეგიონებში ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ყველაფერს ადმინისტრაციული რესურსი წყვეტს.
არჩევნების შემდეგ ერთი ფრთის პარტიულ კლანს მეორე ჩაანაცვლებს. ანალოგიური პროცესი დაიწყება თბილისშიც, თუ კალაძე გაიმარჯვებს. განსხვავება იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, ვის რამხელა ჭია ჰყავს დასაკმაყოფილებელი.
"დმანისში ყველა ამბობს, მოსახლეობას ყურანზე აფიცებენ, რომ 21 ოქტომბერს ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენო"
რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესებს აკვირდება ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი:
- რეგიონებში ძალიან მძიმე ვითარებაა, რადგან ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ თვითმმართველობის მნიშვნელობა ვერ გაიგეს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ეკონომიკის სამინისტრო ათი ათასზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობს, მათი ფართობი 20-დან 10 ათას კვმ-ს აჭარბებს. იდეალური ვარიანტი წარმოვიდგინოთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთი ნაკვეთის პრივატიზება ერთ დღეში შეუძლია, მის საკუთრებაში არსებული ფართობის ინვესტორებისთვის გადასაცემად კი 30 წელი დასჭირდება. რატომ არ თმობს ხელისუფლება მიწებს და არ აძლევს რეგიონებს საკუთრებაში, სადაც თავად ადგილობრივები იზრუნებდნენ ინვესტიციების მოზიდვაზე? მარტივი მიზეზის გამო - ეს მიწები რეალურად მანიპულაციებისთვისაა როგორც ხელისუფლებაში მყოფი თუ მასთან დაახლოებული ბიზნესისთვის, ისე კონკრეტული აქტივისტებისთვის. ხელისუფლებაში იმდენად ბევრი ბიზნესინტერესის მქონე პირმა მოიყარა თავი, რომ მათ ქვეყანა კორპორაცია ჰგონიათ და სახელმწიფოდ ვერ აღიქვამენ. ვერც იმ განსხვავებას ხედავენ, რომ კორპორაციებში მმართველობის ჯაჭვი ბუნებრივად ცენტრალიზებულია, სახელმწიფოში კი გადანაწილებული, ამიტომ ბიზნესმენის ინსტინქტები მოჰყვებათ და ფულის შოვნასა და ქონების მაქსიმალურად კონცენტრირებაზე არიან გადართული.
- თუ მერებისა და საკრებულოების საარჩევნო სიას გადავავლებთ თვალს, მათ დიდ ნაწილს უშუალოდ ბიზნესთან კავშირი არ უფიქსირდება. ეს ფაქტი ქმნის მოლოდინს, რომ 2017 წლის შემდეგ ბიზნესის გავლენა პოლიტიკაზე შემცირდება?
- რა თქმა უნდა, არ ქმნის. თუ ბიზნესმენები არ არიან სიაში მრავლად, სამაგიეროდ, ბევრ ყოფილ ძალოვანს შეხვდებით, რაც კიდევ უფრო საშიშ მმართველობამდე მიგვიყვანს. საერთოდ, 2017 წლის წინასაარჩევნო პროცესი სიახლეებით ხასიათდება - გარდა იმისა, რომ თვითმმართველი ქალაქები გააერთიანეს, ჯერაც არ გასაჯაროებულა, ბიუჯეტი რეგიონებში უცვლელად დარჩება თუ შემცირდება. არადა, ინფორმაციის გამოქვეყნების ბოლო ვადა 5 ოქტომბერს ამოიწურა.წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 9 ოქტომბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად