პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შესაბამისი სამინისტროსთვის საბიუჯეტო დაფინანსების 8 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა დააყენა და ყურადღება ტყის ხანძრების პრობლემაზე გაამახვილა.
”ევროინტეგრაციის გზაზე მოთხოვნათა უმრავლესობა გარემოს დაცვის მიმართულებებს ეხება. ჩვენი კომიტეტის შეშფოთებას იწვევს, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით მოთხოვნილი თანხა, რომელიც 8 მილიონს არ აღემატებოდა, გათვალისწინებული არ არის. ის, რაც არის გათვალისწინებული, მხოლოდ ნახევარია შედეგზე ორიენტირებული. გარემოში ინვესტირებული თანხები ეს არის ჩვენს ჯანმრთელობასა და ტურიზმში ინვესტირებული თანხა. წელს ვნახეთ ძალიან საშინელი სურათი ბორჯომის ტყეში. მინდა გითხრათ, რომ არა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ტყის ხანძრებთან გამკლავება გამორიცხულია. მათი ხელფასები საკმარისი არ არის. 400 ლარამდეც არ არის და მოტივაციისა და კადრების შენარჩუნება ჭირს”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საბიუჯეტო პროექტით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 43 მილიონ ლარამდე.