მცოცავი გაცვლითი კურსი კვლავ რჩება საქართველოსთვის მორგებულ რეჟიმად და იცავს ქვეყნის ეკონომიკას გარე ეკონომიკური შოკებისგან, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების კურსს მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში.
“სექტემბერში ლარის მცირედი გაუფასურება არის ბუნებრივი მოკლევადიანი რყევები. სავალუტო ფონდი არ აკეთებს პროგნოზებს მოკლევადიანი განვითარების პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კურსს მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. ეს არის ბუნებრივი პირობები და ბაზარი განაპირობებს გაცვლით კურსს. რაც შეეხება რეკომენდაციებს ხელისუფლებისთვის, ჩვენ ბუნებრივია რეკომედაციებს ვაძლევთ მთავრობას ყოველთვის, მაგრამ ეს რეკომენდაციები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ 4-პუნქტიანი გეგმა არსებობს და ეს გეგმა თავსებადია საერთაშორის სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სწორი მიმართულებით მივდივართ, 6 თვეში ერთხელ ვიკრიბებით, მიმოხილვას ვახორციელებთ, ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან და ყველას მიზანია მხარი დავუჭიროთ ხელისუფლებას ამ 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. ძირითადად იმის გამო, რომ ეს სწორი მიმართულებაა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და ინკლუზიური ზრდის წახალისებისთვის“, - განაცხადა ვერა მარტინმა.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ვერა მარტინის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი იზრდება და დონეები შედარებით მაღალია.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ იზრდება საგარეო ვალი და დონეები შედარებით მაღალია. ამის გარკვეული ნაწილი შეიძლება აიხსნას ლარის გაუფასურებით 2014-2015 წლებში და დინამიკა პრინციპში არის კერძო სექტორში ასახული. ვხედავთ, რომ გარე დაფინანსებაზე წვდომა გაეზარდა კერძო სექტორს. დაფინანსება მოდის საქართველოში მოქმედ საწარმოებში. შედარებით ნორმალური პირობებით, ხანგრძლივი ვადიანობით და მისაღები პირობებით ხდება დაკრედიტება“, - განაცხადა ვერა მარტინმა.