საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს , - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ეკონომიკის მაღალ და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს, რაც კერძო ინვესტიციების, წარმოებისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„IMF-ის მისიის ხელძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა.
IMF-ის შეფასებით, ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას, ხელი შეუწყი გონივრულმა პოლიტიკამ, ასევე - სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შთამბეჭდავად შეაფასა ფისკალური მაჩვენებლებიც და აღნიშნა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ფონდის შეფასებით, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმებს და დადებითად შეფასდა სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესი.
პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.