ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინვესტიციების რაოდენობაზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ტურიზმის შემოსავლები და პირდაპირი ინვესტიციები - ბოლო 4.5 წელიწადში უფრო მეტი შემოვიდა($), ვიდრე ჩვენი საუკუნის დანარჩენ წლებში. მთლიანად საერთაშორისო ტურიზმიდან წელს შემოსავალს ორნახევარი მილიარდის ფარგლებში ველოდებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები კი სავარაუდოდ მილიარდნახევარზე მეტი უნდა მივიღოთ.
მაგრამ სანამ 2017 წელი დასრულდება, შევაფასოთ ბოლო ოთხნახევარი წელიწადი. ვნახოთ, როგორია მოქმედი ხელისუფლების მონაგარი საერთაშორისო ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით.
ბოლო ოთხნახევარ წელიწადში (2013-2017წ ივნისი), საქართველოში სულ 6 მილიარდ 624 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 8 მილიარდ 700 მილიონ დოლარს აღემატება. ამ ორი სიკეთის ჯამი 15 მილიარდ 327 მილიონ დოლარს აღწევს.
იქამდე ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2012 წლებში , ანუ 12 წელიწადში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 9 მილირდ 467 მილიონი დოლარი იყო, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი 5 მილიარდ 456 მილიონი. ამ ორი მაჩვენებლის ჯამი 14 მილიარდ 922 მილიონი დოლარია.
ასე რომ, ბოლო ოთხნახევარ წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და საერთაშორისო ტურიზმის მონაგარი ჩვენი საუკუნის დანარჩენი წლების ჯამს 404 მილიონი დოლარით აღემატება", - წერს დუნდუა