ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს.
აღნიშნული ოდენობის ჯარიმას ის კანონდარღვევა ითვალისწინებს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, შევჩენკომ ჩაიდინა. უფრო კონკრეტულად, საიამ ცესკოს საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმა დაარღვია. შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ანდრეი შევჩენკომ თქვა: "მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება."
როგორც საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, ამ შემთხვევაში დაირღვა კოდექსის ნორმა, რომელიც საუბრობს იმაზე თუ ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.
"საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის აგიტაციაში ჩართვა და მისი განხორციელება. სწორედ აი ამ დარღვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავაფიქსირეთ ეს, როდესაც შევჩენკომ კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ და თქვა, რომ ის კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და კალაძე კარგი მერი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით წარვადგინეთ ჩვენ საჩივარი საარჩევნო ადმინისტრაციაში"- განმარტა ირმა პავლიაშვილმა. იხილეთ გაგრძელება