აზიური ფაროსანა საშიში მწერი არ არის, არ იკბინება და არ გადააქვს მავნებლები, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მინისტრი გამოეხმაურა ვაკის პარკში აღმოჩენილ ფაროსანას და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს შესწავლა და იმ შემთხვევაში, თუ ის აზიური ფაროსანა იქნება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
”შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად იღებენ ზარებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აზიური ფაროსანას გამოჩენის შესახებ. ჩვენი თანამშრომლები გადიან ადგილზე, ამოწმებენ და ჩვენდა საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა. ეს არის ძირითადად ფაროსანას ის სახეობა, რომლებიც საქართველოში უკვე არსებობდა. დღეს შემჩნეული იქნა ვაკის პარკში ფაროსანას სახეობა, ჩვენი სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ იქ, სწავლობენ და შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ის აზიური ფაროსანა. თუ ფაქტი დადასტურდება, მაშინ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს არ არის აზიური ფაროსანა. აზიური ფაროსანა საშიში მწერი არ არის, რადგან ის არ იკბინება, არ გადააქვს მავნებლები. რა თქმა უნდა ქმნის უსიამოვნო გარემოს, მაგრამ საშიში არ არის”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში.