ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის ფარგლებში პენსიის ოდენობის გაზრდა შესაძლებელი არ არის,- ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენსიის თემა მასსა და უმრავლესობის წევრებს შორის კამათის საგანი გახდა.
”პენსიის ზრდის შესაძლებლობა წარმოდგენილი ბიუჯეტით შესაძლებელი არ არის. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პენსიის ზრდა პრემია-დანამატების შემცირებით, ეს არ არის შესაძლებელი, - რადგან დანამატების დიდი ნაწილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების სახელფასო დანამატს წარმოადგენს და ეს მათი ანაზღაურების ნაწილია. ვერანაირად ვერ დაგთანხმებით, რომ მათ შრომის ანაზღაურება უნდა შეუმცირდეთ”, - აღნიშნული განცხადებით კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას მიმართა.
თავის მხრივ ელენე ხოშტარიამ პენსიის გაზრდის საკითხი დასვა და აღნიშნა, რომ პრემია-დანამატების შემცირების, ასევე ფუფუნების ხარჯების შეკვეცის გზით შესაძლებელია ბიუჯეტიდან 420 მილიონი ლარი პენსიის გაზრდისკენ იყოს მიმართული. მისი თქმით, მაღალი ინფლაციისა და ფასების მატების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ფენა პენსიონერები არიან.
პენსიის გაზრდის საკითხზე ხოშტარიას გარდა ყურადღება გიგი წერეთელმაც გაამახვილა. მისი თქმით, მთავრობა დაგროვებითი პენსიის ინიციატივით პენსიონერებს ვერ გამოკვებავს, რადგან ამ ადამიანებს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები უდგათ.