მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს მოუწოდებს, მეტი უსაფრთხოებისათვის ზამთრის საბურავები გამოიყენონ.
როგორც გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.
”შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.