დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს.

როგორც  საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორ კომპანიებს ეკრძალებათ, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესება, რაც ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საშიშროებას ქმნის. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა კომიტეტში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება განპირობებულია იმ მოცემულობით, რომ კანონის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მისივე თქმით, ჯერ უნდა მოხდეს კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება და ამის შემდეგ გადაწყდეს დაიწეროს თუ არა კანონპროექტი.

„რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა უნდა დაინერგოს როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში. ჩემი ძირითადი მიზანია კომიტეტში ექსპერტების ჩართულობით გავიაროთ სწორი პროცესი, მოხდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება ამ კანონპროქეტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

სამუშაო შეხვედრას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები, USAID-ის GGI-ის პროექტის და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის ექსპერტები ესწრებოდნენ.