2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი დღეს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა. კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები.ასევე გამოვლინდნენ ფოტო კონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის გადაეცათ: ქართველოლოგიის დარგში წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი – ტიმოთი ბლაუველლტი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი – თამარ მახარობლიძე; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი – ლევან ტიელიძე, 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი – გიორგი ტეფნაძე; 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი – რამაზ ქაცარავა; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი – თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.
გამარჯვებულებმა მიიღეს როგორც ფულადი, ასევე მინის გრავირებული ჯილდოები და სერტიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურებული სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს. გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა დავით მაზანაშვილის ბენდი და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში 24 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით, მან თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ცენტრალური და სამასამდე პარალელური ღონისძიება გაიმართა, კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკები, კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ვორკშოპები და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სამეცნიერო პიკნიკებს წელს ყველა ასაკის გამორჩეულად ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის განსაკუთრებული სიმრავლით სკოლის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ. როგორც ღონისძიებაზე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, წელს ფესტივალმა პირველად მოიცვა 5 ქალაქი.
“დღეს მთავრდება ჩვენი სამეცნიერო ფესტივალი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ჩვენი სამინისტროსი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში, მთელ საზოგადოებაში მეცნიერების, როგორც საქმიანობის, როგორც სამსახურის და როგორც კარიერის პოპულარიზაციას. ძალიან გვიხარია, რომ წლიდან წლამდე ბავშვების, მთავარი მოქმედი პირების, მონაწილეობა იგეგმება და ასევე გვიხარია, რომ წელს პირველად მოვახერხეთ, რომ 5 ქალაქში ჩატარდა ფესტივალი”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.