საქართველო სტუდენტების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ საუნივერსიტეტო კამპუსების დეფიციტი აშკარად თვალში საცემია.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლები ცოტაა და იქ მოხვედრა ძალიან რთულია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დაწყებულია ახალი კამპუსების მშენებლობა, რომლებიც დაახლოებით 300 სტუდენტს იტევს და საცხოვრებელი პირობებიც გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემის მოგვარებას ასეთი ტემპით ათეული წლები დასჭირდება.
სტუდენტური საცხოვრისების სიმცირე ძალიან აწუხებთ ახალგაზრდებს. მათი აზრით, კამპუსების საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, რადგან ხელმოკლე სტუდენტებს არ აქვთ საშუალება, დიდი ხარჯი გასწიონ სწავლის პროცესთან ერთად.
საქართვლეოში უნივერსიტეტების უმეტესობას საერთო საცხოვრებელი არ აქვს და არსებული შენობა-ნაგებობიდან მოწესრიგებული თითქმის არც ერთი არ არის. ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ საერთო საცხოვრებელში მოხვედრა ძალიან რთულია.
თათია ფირანაშვილი 21 წლის სტუდენტია. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და მეორე წელია, უკვე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
"უნივერსიტეტს რომ ჰქონდეს საერთო საცხოვრებელი, ჩემი ოჯახისა და ჩემთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა, რადგან მეორე წელია, ქირით ვცხოვრობ. იყოს თუნდაც ფასიანი, ვიცხოვრებდი შეღავათიან პირობებში. იმ გარემოში, სადაც ჩემი მეგობრები არიან. მშობლებიც უფრო მშვიდად იქნებოდნენ, რადგან ასეთ საცხოვრებლებში, როგორც ვიცი, ასე თუ ისე, ზედამხედველები აკონტროლებენ სიტუაციას. ევროპელობაზე როდესაც აქვს ქვეყანას პრეტენზია, სტუდენტური საცხოვრისები მაინც უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. ახლა რომელ მოწესრიგებაზეა საუბარი, უნივერსიტეტების უმრავლესობას არც კი აქვს საცხოვრისები.
ახალგაზრდები, რომლებიც სოფლებიდან ჩამოდიან და აქ სწავლობენ, ძალიან წვალობენ, ქირის გადასახადიც ერთობ მაღალია. წესით, დიდ უნივერსიტეტებს ეს საკითხი მოგვრებული უნდა ჰქონდეთ და ჩამოსულ სტუდენტებს ახვედრებდნენ კამპუსებს. რამდენი გვყავს უცხოელი სტუდენტიც, მათაც ხომ უნდა შეუქმნან ელემენტარული პირობები. განათლებაში საკმაოდ დიდ თანხას ვიხდით და ეს თანხა უნდა უზრუნველყოფდეს საცხოვრებელ ფართს უნივერსიტეტის პირობებში", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თათია ფირანაშვილმა.
უმაღლესი სასწავლებლები ცდილობენ, სტუდენტებს მაქსიმალურად მორგებული პირობები შესთავაზონ, თუმცა ეს საცხოვრებელი კამპუსების მიმართულებით არ ხდება. ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი საერთო საცხოვრებელია. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ე. წ. სტუდქალაქი, მაგრამ იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, სტუდენტების გარდა, იქ დევნილებიც არიან შესახლებული.
ზაზა წაქაძე თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც ახალი სტუდენტური საცხოვრისის თაობაზე საუბრობს.
"ამ კვირიდან თსუ-ის ყველა სტუდენტს მიუვა მობილურზე შეტყობინება, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საერთო საცხოვრებელში ფართის მისაღებად. ვაქვს რაღაც კრიტერიუმები: სოციალურად დაუცველებს, ობლებს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, შეღავათს ვუწესებთ.
ახალი სტუდენტური სერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა. კამპუსში სულ 320 ადგილია და ეს ადგილები სტუდენტებისთვის არის გნკუთვნილი. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია, ღამის ხედვის კამერებიც კი დამონტაჟებულია, შესაბამისად, სტუდენტების მშობლებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და მაინც სურს ფართი, გადაიხდის 150 ლარს და ამაში შედის კომუნალური გადასახადებიც და დაქირავების თანხაც.
რაც შეეხება ძველ საცხოვრისს, სადაც სტუდენტებთან ერთად დევნილებიც ბინადრობენ, ის დარჩება თავის ადგილას და დაიტევს 200 სტუდენტს. ვფიქრობ, ასე ნელ-ნელა სტუდენტური კამპუსების კეთილმოწყობა დაიგეგმება და უკეთეს პირობებს შევთავაზებთ მომავალ თაობას", -აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ზაზა წაქაძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, როგორც ჩანს, ყველაზე მოთხოვნადია, რადგან ზემოთ ხსენებულ უნივერსიტეტში საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი აბარებს. მაგდა კაკაბაშვილი 17 წლის აბიტურიენტია, რომელიც თსუ-ში აპირებს სწავლის გაგძრელებას ახალი კამპუსის აშენება მისთვის კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ სწორედ ეს სასწავლებელი აერჩია.
"სამართალმცოდნეობაზე ვაბარებ და ჯავახიშვილის გარდა, სხვა უნივერსიტეტზე არც მიფიქრია. როდესაც ახალი სტუდენტური საცხოვრებლის თაობაზე შევიტყვე, ეს არჩევანი უფრო გამიმყარდა. ჩემ გარდა ოჯახში კიდევ სამი მოზარდია და სოციალურად დაუცველის სტატუსიც გვაქვს, შესაბამისად, ეს საცხოვრისი სწორედ ჩემს ოჯახზეა გათვლილი. ასეთი მიდგომით სტუდენტებს უმსუბუქდებათ სწავლა და სწორედ ეს არის მომავალ თაობაზე ზრუნვა", - განუცხადა "რეზონანსს" მაგდა კაკაბაშვილმა.
თეო გუდავაძე
გაზეთი "რეზონანსი"