ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია თავისუფლების მოედნის მიმდებარედ 1900 კვადრატული მიწის ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის საკითხი.
აღნიშნული თემა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების იარაღად იქცა, რომელსაც ყველაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობის" და ახალი "ნაციონალური მოძრაობის" იგივე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აკრიტიკებენ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულება აქვს, რომელიც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაში ერთ მილიონი დოლარის დახარჯვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც ასეთი ფორმით ფართების გასხვისებაზე შესაბამისი კონკურსი ცხადდება და მოგებულიც ყველაზე ოპტიმალური პირობის მქონე კომპანია ხდება, თუმცა ამ არგუმენტის "ნაციონალებისგან" მოსმენა მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუღებელია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დიდი წარმატებით ანიავებდა სახელმწიფო ქონებას პარტიის და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებზე თუ კომპანიებზე.
2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევებთან დაკავშირებით, 2012 წლის ბოლოს ვრცელი კვლევა მოამზადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", სადაც დეტალურად არის შესწავლილი თითოეული ქონების გასხვისების "ქეისი".
კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული. თუმცა, უცნობია იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს.
სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. მაგალითისთვის: ყოფილი თბილისის მერის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ძმის ირაკლი უგულავას კომპანია შპს "ჯოილენდი", შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს "ქროსვეისი", შპს "vante Hospital Management Group", რომლის წილის 25%-ს ფლობს ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი, ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის "ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის" დირექტორი იყო. სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს "ახალ ოფისს", რომლის დამფუძნებელიც კომპანია "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია". მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს (ზარალას) ეკუთვნის, რომელიც "ნციონალური მოძრაობის" დროს პრესიდენტ სააკაშვილთან საკმაოდ მჭიდრო კავშირებით გამოირჩეოდა.
2007 წელი
ამ პერიოდში ჩუქების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანაშმრომლების ოჯახებს. ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები).2008 წელი
ამავე წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისს გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (57182) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.2008 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს საპატრიარქომ ერთ ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. # 13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა სერთო ფართობით 4 971.44 მ2 და მასზე დამაგრებული 2272 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კინოთეატრ "ხულოს" შენობა მიიღო, 486,1 მ2 საერთო სასარგებლო ფართობით და მასზე დამაგრებული 462 მ2 არასასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2010 წელი
ამ პერიოდში პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე ჯამში 8200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1310 მ2 შენობა ნაგებობები.პრეზიდენტის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცა დიდ დიღომში მდებარე ბინა შინაგან საქმეთა სამიისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას.
2010 წელს სახელმწიფო ქნება (გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე 21 მიწის ნაკვეთი) საპრივატიზაციო პირობის გარეშე, ერთ ლარად მიიღო ააიპ "თელეთი 2009"მ.
2011 წელი
2011 წელს საქართველოს საპატრიარქოს ერთ ლარად გადაეცა მესტიის (1206.5 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 122 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა), ქარელისა (სოფელ აბისში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2137 მ2 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სერთო ფართობით 402.17 კვ.მ., ასევე, სოფელ ელბაქიაანთკარში მდებარე 1235 კვ.მ. არასასოფოლ-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 108.92 კვ.მ.( შუახევის მუნიციპალიტეტში (სოფელ ტაკიძეებში, "ხიჭაურში" მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 61 776 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართობით 17055.86 კვ.მ.; ქ. თბილისში წინანდლის ქუჩაზე მდებარე 3830 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაბა ლენტეხში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაზე არსებული 189 86 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ქ. სენკში, მდებარე 1864 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართობით – 119,54 კვ.მ. და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გ ეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 913,7 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართობით 147,8 კვ.მ.ასევე, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე ერთ ლარად გადაეცათ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსის, მეგის ქარდავას ძმის, ლევან ქარდავას შემთხვევა (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
2012 წელი
ამ პერიოდში საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა უძრავი ქონება თბილისში, ფოთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში, ბაღდადში, ქუთაისში, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ონში. გადაცემული უძრავი ქონების საერთო რაოდენობამ 149 541.29 კვ.მ. შედგინა.ამავე წელს საინვესტიციო პირობის გარეშე სახელმწიფო ქონება გადაეცა: შპს-ს "ჰოსპიტალ დიღომი" (თბილისის, ლუბლიანას ქუჩის #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #7, ფართობი 206,89 კვ.მ. და მასზე ნაწილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 2, 283,3 კვ.მ. ფართობი და მასზე ნაწილობრივად დამგარებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი); კავკასიის სამთო ჯგუფი (ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. #2-ში მდებარე 298,13 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); გოდაკო+ (ყვარელში, ილიას ტბა) მდებარე 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი): ლოპოტა ტურ სერვისი (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ქობულეთის ქ. 3/15" (თბილისში, ქობულეთის ქ. #15-ში მდებარე 387 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 და #2 შენობა-ნაგებობები); სს "ინტერ ბიზნეს სერვისი" (თბილისში, იუმაშევის ქ. #23-ში მდებარე 13 15 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1685 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე 1312 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი):
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2012 წელს პირდაპირი მიყიდვის გზით, სახელმწიფომ ერთ ლარად უძრავ ქონებასთან ერთად საინვესტიციო პირობის გარეშე გაასხვისა მოძრავი ნივთებიც. ამ პერიოდში შვიდ შპს-ს გადაეცა ჯამში 1365 ერთეული მოძრავი ქონება, მათ შორის რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა და სხვადასხვა სახის ტექნიკური ინვენტარი.
ელენე ციგრიაშვილი
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"