საქართველოში სესხებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიც იმატებს.
კრედიტით თითქმის ყველა ჩვენგანი სარგებლობს, თუმცა შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ არსებობს სესხის ხანდაზმულობის ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგაც, კრედიტორს მის გადახდაზე უარის თქმის კანონიერი უფლება აქვს.
"საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის თქმით, სესხის გადახდის პირობები ხელშეკრულებაშია გაწერილი, რომელიც სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება. კოდექსის მიხედვით, სესხებს აქვთ ხანდაზმულობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც მსესხებელს მისი გადახდის ვალდებულება აღარ ეკისრება:
"ზოგადად, განსაზღვრულია, რომ ხანდაზმულობის ვადა სესხის ვადის დასრულების თარიღიდან 3 წლის შემდეგ იწურება და თუ საფინანსო ინსტიტუტმა ამ პერიოდში არ მიმართა სასამართლოს და მხოლოდ შემდეგ შეიტანა საჩივარი, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ შესაგებელი, რომელშიც განვმარტავთ, რომ სესხის ხანდაზმულობის ვადა გასულია, რის შემდეგაც გადახდის ვალდებულება აღარ გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრედიტო ისტორია არ გაფუჭდება. ამის შემდეგ ჩვენ სხვა საფინანსო ინსტიტუტებში სესხს ვეღარ ავიღებთ", – განმარტავს გიორგი კეპულაძე.
"საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის თქმით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტები დაფიქსირებულა, თუმცა ძირითადად, მცირე თანხების შემთხვევაში:
"ყოფილა ასეთი შემთხვევები, ოღონდ, აქ ძირითადად, მცირე თანხებზეა საუბარი, როცა რაღაც პერიოდის განმავლობაში საფინანსო ინსტიტუტმა სასამართლოს არ მიმართა და მას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. თუმცა, როგორც წესი, საფინანსო ინსტიტუტები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ აღსრულების პროცესი დაიწყონ, ჯერ მიმართავენ თავად მსესხებელს და შემდეგ სასამართლოს. ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს ხანდაზმულობის ვადაგასულ სესხებთან დაკავშირებით მოუმართავთ. მაგალითად, 2007–2008 წლებში მსესხებლებს პრობლემები შეექმნათ, თანხები ვერ გადაიხადეს, მაგრამ საფინანსო ორგანიზაციებს მათთვის არ მიუკითხავთ, თუმცა ახლა ამბობენ, რომ ორგანიზაციებიდან ურეკავენ და თანხების დაფარვას სთხოვენ. იხილეთ გაგრძელება