"მოველით, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად"

ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, ტვირთების მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს შეთანხმების საკითხზე.

მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, საქართველო დიდი ხანია მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

"ჩვენ ასევე მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს შუამავალ შვეიცარულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. მოველით, რომ ეს ძირითადი შეთანხმებაც და შესაბამისი კონტრაქტიც შესრულდება ყველა მხარის მიერ. ცალმხრივად, ამ ვალდებულებების შესრულება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ყველა მხარის სრული თავსებადობა იმ შეთანხმებასთან, რომელიც 2011 წელს გაფორმდა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობები ცალმხრივ ფორმატში შეასრულოს.

"შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს ავალდებულებს შვეიცარული კომპანიის მონაწილეობით, სავაჭრო ნაკადების სპეციალური საბაჟო ადმინისტრირების წესი გამოიყენონ. სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, თბილისის პოზიცია არ შეცვლილა. იქ დღემდე სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე საუბარიც კი არ სურთ. ასე არ გამოვა. თბილისს მოვუწოდებთ განაცხადოს მზაობა საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებაზე", - აღნიშნა კარასინმა სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.