2018 წლის იანვრიდან აზარტული თამაშების შეზღუდვა დაიწყება.
დღესდღეობით ონლაინ ტიპის თამაშებში 500 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მათი დიდი ნაწილი 20 წლამდე ასაკისაა. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ონლაინ თამაშებთან ბრძოლა საჭიროა ორი მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.
ფინანსთა სამინისტროში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო უკვე მუშაობს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაა, ბაზებში არ მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც ონლაინ კაზინოებში დაშვება არ ექნებათ, საუბარია 21 წლამდე ასაკზე.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი "რეზონანსთან" განმარტავს, პირველ რიგში, დაიწყება მუშაობა შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ აზარტული თამაშების ვებგვერდებზე დარეგისტრირება არ იყოს ისეთი მარტივი, როგორიც დღეს არის. მისი თქმით, სახელმწიფო მალევე მივა ადეკვატურ გადაწყვეტილებამდე, რაც ბიუჯეტსაც გააჯანსაღებს და ონლაინ თამაშების არასწორი საგადასახადო პოლიტიკით ბიუჯეტიდან გადინებული თანხები მინიმუმამდე დავა. დეპუტატი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ონლაინ თამაშების შეზღუდვას როგორც გარე, ისე შიდა ონლაინ პლატფორმებზე.
"დღესდღეობით თავისუფლად შეუძლიათ, ითამაშონ როგორც სრულწლოვნებს, ისე 18 წელს მიუღწეველ პირებსაც. რასაკვირველია, მძიმე სიტუაციაში ვართ ამ მხრივ და ვფიქრობ, სასწრაფო რეგულაციაა საჭირო და აუცილებელია. ამას აზრი აქვს მაშინ, როდესაც უცხოურ ვებგვერდებზეც იზღუდება წვდომა, მარტო ქართული საიტების კონტროლი არაფერს მოგვცემს. ქვეყნის შიგნით ადვილია მოხმარების შეზღუდვა, კანონს მიიღებ და დახურავ ვებპლატფორმას, თუმცა ამის შემდეგ დიდი რისკია, რომ მომხმარებელი გადაერთოს უცხოურ საიტებზე. ესეც რომ შევზღუდოთ, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
სამწუხაროდ, "გარე რესურსებზე" 100%-იან შედეგს ვერ მივიღებთ, თუმცა მინიმუმამდე შევამცირებთ მომხმარებელთა რაოდენობას. აზარტული სერვისების 500 000-ზე მეტი ონლაინ მომხმარებელია, სახელმწიფო ამ პრობლემაზე თვალს ვერ დახუჭავს. გამოსავალი ერთია, რომ თანმიმდევრულად მოხდეს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა და, საბოლოო ჯამში, მათი გაქრობაც.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია პარალელურად ორივე მიმართულებით მუშაობა. ძალიან ძვირი პროექტია. ჩვენი გათვლით, რაც საპარლამენტო ჯგუფისა და ჩემი მუშაობის პერიოდში დავინახეთ, იმ საგადასახადო პოლიტიკით, რომელიც ახლა გვაქვს, მინიმუმ, 200 მლნ ლარს ვკარგავთ ყოვლეწლიურად ბიუჯეტში. წესით, ეს თანხა უნდა შედიოდეს ბიუჯეტში, ჩვენ რომ აზარტულ თამაშებთან მიმართებით სწორ პოლიტიკას ვატარებდეთ.
აუცილებელია დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ითამაშოს აზარტული თამაშები. დარწმუნებული ვარ, რეგულაციების შემდეგ მიზანს მივღწევთ და ისიც უნდა ითქვას, რომ აუცილებელია მედიის ჩართვა, რათა თვალნათლივ დავინახოთ, სად ვუშვებთ შეცდომას და რა გვაქვს გამოსასწორებელი", - განუცხადა "რეზონანსს" გოგიჩაიშვილმა.
რეფორმების სწორად გატარებასა და სარეკლამო პოლიტიკის მინიმუმამდე დაყვანას მიიჩნევს ონლაინ თამაშების შეზღუდვის უპირველეს პირობად აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე. მისი თქმით, პრობლემა პოპულარიზაციით იწყება და თუ რეკლამირება მინიმუმამდე არ დავიდა, ვერანაირი მექანიზმი ვერ იმუშავებს გამართულად. კაზინოების მთავარი მიმართულება შემოსავლების მიღებაა და არა გართობა. შესაბამისმა უწყებებმა სწორედ ეს უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან.
"რეგულაცია გაამართლებს თუ არა, ამის დანამდვილებით თქმა არავის შეუძლია. ამ საქმიანობას აქვს გარკვეული სპეციფიკა, რომელიც ბევრ ნიუანსს გულისხმობს და მის დარეგულირებაში ჩართულმა ყველა უწყებამ უნდა გაითვალისწინოს. ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან საუბარია საგადასახადო წნეხის შეცვლაზე, თუმცა საჯარო განცხადების დონეზე არ მოგვისმენია, აზარტული თამშების პოპულარიზაციის შეზღუდვის კუთხით იგეგმება თუ არა ღონისძიებები.
მხოლოდ რეგულირება არ იქნება საკმარისი გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა იწყება ამ საქმიანობის რეკლამირებით. ამას სოციალურად მძიმე შედეგი მოაქვს და ამავე დროს ეკონომიკაზეც ცუდად აისახება, ვინაიდან აქცენტირება ხდება ისეთი ტიპის პროდუქტებზე (თითქმის 4 მლრდს გადააჭარბა აზარტული ბიზნესის ბრუნვამ), რომელიც არ შეიძლება იყოს რაიმე ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი. რეალურად საქმე გვაქვს ეკონომიკიდან ფულის გადინებასთან.
საქართველოში სათამაშო ბიზნესს უყურებენ არა როგორც გასართობ პროდუქტს, არამედ ამ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც დიდი შემოსავლის მიღების წყაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ სწორად დაინახოს პრობლემა. აქ არ არის მხოლოდ გადასახადების ამოღების საკითხი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ მომსახურებაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს. ეს გააჯანსაღებს ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას და მოთხოვნას გაზრდის ისეთ პროდუქტებზე, რაც რეალურად ღირებული იქნება ქვეყნისთვის", - აღნიშნა კუკულაძემ.
"რეზონანსი" ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, როდიდან დაიწყება ონლაინ თამაშების რეგულაცია და რა სახის შეზღვუდვა დაწესდება მათ წინააღმდეგ. როგორც ქუმსიშვილის უწყებაში განაცხადეს, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ონლაინ კაზინოებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება. ისინი ვალდებულები იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგსტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. პარლამენტში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც შეზღუდვაზე მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება. განსაზღვრულია ასაკიც, შეზღუდვა 21 წლამდე პირებზე დაწესდება.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"