თანამედროვე სტადიონის ასაგებად, საჭირო იყო პრაქტიკულად მთლიანად დაენგრიათ
ძველი სტადიონი
Представляю, что творится в Тбилиси, ликует вся страна, ликует столица Грузии, тбилисцы овладели этим Кубком!
ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის ამ სიტყვებმა 1981 წლის 13 მაისის ღამეს ლამის მთელი თბილისი ქუჩებში გამოიყვანა და ათასობით გულშემატკივარი დინამოს სტადიონისაკენ დაიძრა. ამ საქციელისკენ არც ბატონ კოტეს და არც ვინმე სხვას მოუწოდებია, მაგრამ ხალხი ინსტინქტურად სწორედ ჩვენს საყვარელ სპორტულ არენაზე შეიკრიბა. თბილისი და მთელი საქართველო ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვებას ზეიმობდა.
ფეხბურთი და სტადიონი, ეს რაღაც მარადიული ფენომენია, მისი ტრიბუნები კი ჩვენი ერთობის, პოზიციისა თუ ოპოზიციის, პარლამენტარებისა თუ რიგითი გულშემატკივრების თავშეყრის, ზოგჯერ გამარჯვების, ბოლო წლებში კი ხშირად იმედგაცრუების ადგილია. თუმცა, ფეხბურთის გურმანები თაობიდან თაობამდე, სწორედ ამ სტადიონზე დადიოდნენ ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიასა და მათი დარი კორიფეების სანახავად.
საუკუნეზე მეტია, რაც ფეხბურთმა ქართულ მიწაზე მოიკიდა ფეხი. იმხანად თბილისში სტადიონი არც არსებობდა და ახალგაზრდები ბურთს იპოდრომზე დასდევდნენ, რომელიც დიდუბის ეკლესიიდან დღევანდელ მეტროსადგურ დიდუბემდე მდებარეობდა, მაგრამ მოგეხსენებათ, იპოდრომი პირველ რიგში, დოღისა და ჯირითისთვისაა განკუთვნილი და ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის არ იყო თავისუფალი. ამიტომ "სოკოლის" გუნდის წევრებმა კაპიტალისტ ფრიდონოვს სთხოვეს, დიდუბეშივე, ელიზავეტას ქუჩაზე (მოგვიანებით დეზერტირების ბაზრის ტერიტორია) მათთვის დაეთმო ხრიოკი მინდორი. ფრიდონოვი შესაძლოა, ფეხბურთის დიდი მოყვარული არც ყოფილა, მაგრამ ბიჭებს ის მინდორი კი აჩუქა და სწორედ აქ, 1911 წელს მოეწყო თბილისის პირველი საფეხბურთო მოედანი.
მოგვიანებით, თბილისის დინამოს პირველი სტადიონი, ტრიბუნებით, 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, თბილისის ქვეითი ჯარის შენობის წინ, კინოთეატრ "აპოლოს" გვერდით აშენდა. ახლა იქ დიდი არკიანი საცხოვრებელი სახლია. ბალახის საფრიან მინდორზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი იყო, ბიჭები ხრიოკ მოედანზე თამაშობდნენ ფეხბურთს, თუმცა აზარტი არავის აკლდა. არცთუ ისე იშვიათად უხეიროდ დარტყმული ბურთი პლეხანოვის პროსპექტზე ვარდებოდა, სადაც ტრამვაი ჯერ კიდევ დადიოდა და ვიდრე ბურთს მოედანზე დააბრუნებდნენ, თამაშიც დროებით წყდებოდა.
იმ პერიოდისთვის ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და დღის წესრიგში დადგა დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი. 1932 წელს გამოცხადდა კიდეც კონკურსი სტადიონის პროექტზე, რომელშიც ახალგაზრდა არქიტექტორმა, არჩილ ქურდიანმა გაიმარჯვა. მანამდე ასეთი მასშტაბური სპორტული არენების მშენებლობის გამოცდილება ჩვენში არავის ჰქონდა. ამიტომაც არჩილ ქურდიანმა შეისწავლა მოსკოვის, ლენინგრადისა და ხარკოვის სტადიონები და შექმნა ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თანამედროვე სტადიონის მშენებლობა ქურდიანისთვის საკმაოდ რთული იყო. არქიტექტორს ბევრი რამ უნდა გაეთვალისწინებინა: დაწყებული სტადიონის ადგილმდებარეობის შერჩევიდან, დამთავრებული მაყურებლების უსაფრთხოებით. საბოლოოდ, მან ყველა ამ სირთულეს ჩინებულად გაართვა თავი და დიდუბეში, მუშთაიდის გვერდით ძალიან ლამაზი "დინამოს" სტადიონი ააგო. სტადიონის მშენებლობისათვის 6 მილიონი მანეთი გამოიყო, სამშენებლო სამუშაოები კი 1933 წლის სექტემბერში დაიწყო. ეს იყო ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობა ამიერკავკასიაში. სტადიონის საერთო სიგრძე 150 მეტრი, სიგანე კი - 100 მეტრი იყო. სათამაშო მინდორი, შესაბამისად - 110 და 72 მეტრი. თავდაპირველად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრიბუნები სამიარუსიანი, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ ტრიბუნები ორიარუსიანი იყო. მათზე საერთო ჯამში 23 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, ხოლო ტრიბუნების ქვეშ სპორტული დარბაზები მოეწყო. საზეიმო გახსნის ცერემონია 1935 წლის ნოემბერში გაიმართა და პირველი მატჩიც მაშინ გაიმართა. ამიერკავკასიის პირველმა ნაკრებმა მეორე გუნდს მოუგო, მომდევნო წლიდან კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებიც დაიწყო.
პირველ სეზონში, საკავშირო სპორტკომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამო" რატომღაც საგაზაფხულო ჩემპიონატის "ბ" კლასში ათამაშეს. როგორც ჩანს, ჩვენი ფეხბურთელები სუსტ მეტოქეებად მიიჩნიეს, მაგრამ სამხრეთელებმა ყველას აჯობეს, პირველი ადგილი დაიკავეს და "ა" კლასში თამაშის უფლება მოიპოვეს. იხილეთ გაგრძელება