საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მჭიდრო კოორდინაცია ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომ საქართველოში ხორციელდება რეფორმები, რომელიც იმსახურებს დადებით შეფასებას , - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დადებითად შეფასების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც გვიდიანმა განაცხადა, ასეთი დასკვნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დასკვნებს ისმენენ ინვესტორები და ცხადია, ეს მნიშვნელოვანია საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.
„სსფ-ის დადებითი შეფასება არის მისასალმებელი იმდენად, რამდენადაც საქართველომ მოახერხა იმ რეფორმების შესრულება და იმ პოზიტიური სიგნალების გაშვება, რომელმაც ეკონომიკურ ზრდასთან მიგვიყვანა. ასევე გამოვყოფდი ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით პოზიტიურ სიგნალებს. გავიხსენოთ სსფ-ის წინა წლის პროგნოზები საქართველოსთან მიმართებაში, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი არ იქნებოდა. თუმცა ვიცით, რომ წელს გვაქვს 4%-ზე მეტი ზრდა. რასაკვირველია, ეს არის მთავრობის ეფექტური მუშაობის ხარჯზე მიღწეული შედეგები და ამდენად, ველოდი კიდეც სსფ-ის დადებით დასკვნას“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროექტში არის უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ მისასალმებელია ინფრასტრუქტურაში ხარჯების მობილიზაცია. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.
„რასაკვირველია, გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. გარდა ამისა, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვაზე მიმართული ხარჯები, სუბსიდირება. თუმცა, პირადად მე სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ასევე მნიშვნელოვანია, სამთავრობო ხარჯების შემცირება და მიმაჩნია, რომ გაზრდილი ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. თუმცა, მთლიანობაში წინა წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, ახალ ბიუჯეტში ბევრი ცვლილება არ არის“, - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.
მისივე თქმით, ზოგადად საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს ბიუჯეტის პოლიტიკას და არ შლის მას დეტალურად.
„ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ბიუჯეტში აისახა და რა პოლიტიკაც აქვს მთავრობას, ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა“, - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, გარკვეული ეკონომისტებისა და ექსპერტების მხრიდან ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საგარეო ვალი უარყოფითად შეფასდა, თუმცა, მისი აზრით, საგანგაშო ვალში არაფერია. ანდრია გვიდიანის თქმით, მთავარია, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად დაიხარჯება ეს თანხები.