კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხის რამდენიმე დღით გადადებამ, ევროს გამყარება გამოიწვია.
ევროპულმა ვალუტამ ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ბოლო ორი კვირის მაქსიმუმს მიაღწია, რაც ნაწილობრივ, დოლარის დასუსტების ბრალიცაა.
კატალონიის ლიდერმა კარლეს პიდემონტმა, რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ სიმბოლურად გამოაცხადა და დასძინა, რომ მადრიდთან მოლაპარაკება აუცილებელია. ამან შეარბილა იმის მოლოდინი, რომ ესპანეთის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული რეგიონი ქვეყანას გამოეყოფა, რაც პერსპექტივაში, ევროკავშირის მთლიანობასაც ეჭვქვეშ დააყენებს.
უფრო ადრე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი კონსტიტუცია, კატალონიასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ისიც აღიარა, რომ კატალონიის ლიდერის გამოსვლა „ტრიუკი“ იყო.
ასეა თუ ისე, ოთხშაბათს, დილის ვაჭრობის დროს, ევრო დოლართან მიმართებაში 1.18345 დოლარამდე გაიზარდა, რაც სექტემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. თუმცა ბანკ „რაბობანკის“ სავალუტო სტრატეგი ჯეინ ფოული ამბობს, რომ ევროს ზრდა შეზღუდული ხასიათისაა. ცნობისათვის, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ევრო დოლართან მიმართებაში 12 პროცენტით არის გამყარებული.
რაც შეეხება დოლარს, მის სისუსტეს იწვევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და შტატ ტენესის რესპუბლიკელ სენატორ ბობ კორკერს შორის უთანხმოება, რაც ტრამპის მიერ შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის გატარების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ გარემოების გამო, დოლარის ინდექსი ოდნავ, 93.175-მდე შემცირდა.
დღეს ინვესტორები ფედრეზერვის სექტემბრის სხდომის ჩანაწერების გამოქვეყნების მოლოდინში არიან. მაშინ ფედრეზერვმა მიანიშნა, რომ წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის მესამედ აწევას შესაძლებლად მიიჩნევს.