მოგზაური ბლოგერი ლიზა იმოჯენ ელდრიჯი უკვე 70 ქვეყანაშია ნამყოფი და მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას კიდევ განაგრძობს.
ჩაალაგო შენი ნივთები, დაჯავშნო ბილეთი და წახვიდე უცხო ქვეყანაში მხოლოდ საკუთარ თავთან ერთად საკმაოდ ძნელია, თუმცა გათავისუფლების ერთ-ერთი საკეთესო საშუალებაა. ზოგისთვის შესაძლოა ეს საშიშად ჟღერდეს, მაგრამ ლიზასთვის, რომელიც შეიძლება ითქვას პროფესიონალი მოგზაურია, მარტო მოგზაურობა არის ის, რაც მისი აზრით, თითოეულმა ქალმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოს.
ჯერჯერობით, ელდრიჯმა 70 ქვეყნაში იმოგზაურა მარტომ და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გაჩერებას არ აპირებს.
"ეს მუდმივი სწავლაა და ყოველ ჯერზე ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი გავიგე", - ამბობს ლიზა.
აქვე იგი 7 საუკეთესო ადგილს გვთავაზობს სამოგზაუროდ და გვარწმუნებს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც არასოდეს ვინანებთ.
საფრანგეთი - რომანტიული მოგზაურობა მარტოხელებისთვისაც კი
პარიზი სიყვარულის ქალაქი მარტო წყვილებისთვის არ არის.
"საფრანგეთის დედაქალაქში ხუთი დღე გავატარე და პარიზული ცხოვრება შემიყვარდა", - ამბობს ელდრიჯი.
„თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ ფრანგულ კაფეებში და თავი მარტო არასოდეს იგრძნოთ. პარიზში უამრავი ლამაზი შენობაა, რომელთა დასათვალიერებლად 5-7 დღე გეყოფათ“- დასძენს ბლოგერი.
მისივე თქმით, თუ ფრანგულად ლაპარაკი არ შეგიძლიათ, არ უნდა ინერვიულოთ, რადგან გზის გაგნება არ გაგიჭირდებათ. ელდრიჯი აღნიშნავს, რომ პარიზში გადაადგილების ერთ-ერთი ეფექტური ხერხი მეტროა. გარდა იმისა, რომ ეს მოსახერხებელია, ბლოგერის თქმით, თითოეული სადგური მხატვრულად გაფორმებული და განსხვავებულია.
აქვე მას შედგენილი აქვს აუცილებლად სანახავი ადგილების სია, რომელშიც მოხვდნენ მუზეუმები, გალერეები და ძეგლები.
სლოვენია: მოგზაურობა თვითგამორკვევისთვის
მათ, ვისაც ვენეციისა და დუბროვნიკის მსგავსი ადგილები იტაცებთ, სლოვენია აუცილებლად უნდა ნახონ. აქ, მოგზაურის შეფასებით, იპოვით ბევრად მეტს, ვიდრე ხორვატიასა და იტალიაში.
„ყველაზე დაუფასებელ ქვეყანას ევროპაში, ავსტრიისა და შვეიცარიის სილამაზე აქვს. სლოვენიის ტერიტორიის ერთი მესამედი დაცული ბუნებრივი ტერიტორიაა. ქვეყანას აქვს ათასზე მეტი ტბა და ათობით ბუნებრივი თერმული წყლები,“ - წერს ბლოგერი.
მისთვის იქაური ციხე-მონასტრები, ტბები და გამოქვაბულები ყველაზე მშვიდი ადგილებია მთელ დედამიწაზე.
ტაილანდი: სოციალური მოგზაურობა
„თუ მარტო სამოგზაუროდ არასოდეს ყოფილხარ, მაშინ ტაილანდი თქვენი პირველი პორტი უნდა იყოს," - ამბობს ელდრიჯი, რომელიც განმარტავს, რომ იმ 70 ქვეყანიდან, სადაც მარტო მოგზაურობდა, ტაილანდი პირველი გაჩერება იყო.
იგი წერს, რომ აქ ადამიანები წარმოუდგენლად მეგობრულნი არიან. ბლოგერი ტაილანდს „ღიმილის მიწას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ აქ ყოველთვის ძალიან ბევრი ტურისტია.
ტაილანდი შესანიშნავი არჩევანია მაშინაც, თუ თქვენ ძვირიან ადგილებს ერიდებით. ფრენის ღირებულებას თუ არ ჩავთვლით, ამ ქვეყანაში მოგზაურობა ძალიან იაფი დაგიჯდებათ. ლიზა მოგზაურებს ჰპირდება, რომ აქ გამორჩეულ რაღაცეებს ნახავენ, მრავალფეროვან ქუჩებსა და საცხოვრებლებს და რაც მთავარია, ბევრ თანამოაზრე - მარტოხელა მოგზაურს.
ახალი ზელანდია: საგზაო მოგზაურობა
მართალია, ახალი ზელანდია შორს არის, მაგრამ თუ თქვენ ხანგრძლივ მოგზაურობას, ან მეზობელი ავსტრალიის მონახულებას გეგმავთ, ელდრიჯი ამბობს, რომ ზელანდიაში აუცილებლად უნდა გადახვიდეთ. ბლოგერი იქაურ ბუნებას მომაჯადოებელს უწოდებს.
აქვე წერს, რომ კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა მთელ ქვეყანაში გადაადგილებას აადვილებს.
"არსებობს დიდი არჩევანი ჰოსტელების, ბანაკების, სასტუმროებისა და ხის სახლების. კუნძულებზე სამოგზაუროდ შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა ან ავტომობილი-სახლი“,- წერს ლიზა.
შანხაი: კულტურულიი შოკი
„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაკვეთილი, რაც შეგვიძლია სოლომოგზაურობიდან ვისწავლოთ, განსხვავებული კულტურებია. მივხვდი, რომ ყველა ადამიანს აქვს ერთი და იგივე ძირითადი საჭიროებები: თავშესაფარი, საკვები და სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ სამყაროში, მოგზაურობამ მასწავლა, რომ ნებისმიერი სიახლისათვის ღია უნდა იყო", - ამბობს ელდრიჯი.
მისივე თქმით, შანხაი იდეალურია თუკი თქვენ გინდათ დასვენება, საკუთარი ფასეულობების გადახედვა, განსხვავებული კულტურის გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნიუ-იორკზე თითქმის ხუთჯერ დიდია, აქ მარტო ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს.
შვეიცარია: თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა
„თუ გიყვართ ახალი ზელანდიის ბუნებრივი სტილი, მაგრამ არ შეგიძლიათ იქ ხანგრძლივად დასვენება, განიხილეთ შვეიცარია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ფანტასტიკური ინფრასტრუქტურით," - გვირჩევს ელდრიჯი.
მოგზაური ამბობს, რომ ენის ცოდნა აქ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ინგლისურად თავისუფლად საუბრობს. პრობლემა არც გზის არევაა, თუნდაც ღამე. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც დაგეხმარებათ. თანაც, საგზაო ნიშნები ყველგანაა და ეს დაკარგვისაგან დაიგიცავთ.
ავსტრალია: ხანგრძლივი მოგზაურობა
თუ ელდრიჯის მსგავსად მარტო მოგზაურობით დაინტერესდით, ავსტრალია ის ქვეყანაა, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ელდრიჯი ამბობს, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.
აქვე იგი გვაცნობ მოსანახულებელი ადგილების სიას: აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია backpackers, ან ეწვიეთ მელბურნს, მრავალფეროვანი ბუტიკები კი შოპინგის მოყვარულებს უმასპინძლებენ.
როგორც ბლოგერი წერს, ავსტრალიაში თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში.
თაკო მათეშვილი