„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს 8 148 მოქალაქეს შეეხო.
შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, რეადმისიის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, რეადმისიის შესახებ მიღებული განაცხადების უმრავლესობაზე ქართულ მხარეს თანხმობა აქვს გაცხადებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, უარის შემთხვევები ძირითად განპირობებულია იმით, თუ პირი, რომლის რეადმისიის შესახებაც შემოსულია განაცხადი, საქართველოს მოქალაქე არ არის.
2011 წელს რეადმისია საქართველოს 548 მოქალაქეს შეეხო, 2012 წელს - 929-ს, 2013 წელს - 1 080-ს, 2014 წელს - 1 181-ს, 2015 წელს - 1 265-ს , 2016 წელს - 1 600-ს, 2017 წლის 9 თვის განმავლობაში კი - 1 545-ს.
აღსანიშნავია, რომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სულ ევროკავშირის 23 ქვეყნიდან დააბრუნეს.
ყველაზე მეტი, საქართველოს 2993 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საბერძნეთიდან - 938, საფრანგეთიდან - 881, ავსტრიიდან - 572, შვედეთიდან - 451, ბელგიიდან- 501, ჰოლანდიიდან - 416, ლიტვადან -254, ესპანეთიდან - 435, პოლონეთი - 211, იტალიიდან - 235, უნგრეთიდან - 34, დიდი ბრიტანეთიდან- 73, ბულგარეთიდან- 25, პორტუგალიიდან - 26, ჩეხეთიდან- 12, რუმინეთიდან - 10, ფინეთიდან - 17, სლოვაკეთიდან - 20, კვიპროსიდან -24, ესტონეთიდან- 6, ირლანდიიდან- 9, ლუქსემბურგიდან - 2.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.