"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელს ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება"

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"IMF -ის პროგნოზი! საქართველო 2022 წლის ჩათვლით ეკონომიკური ზრდის ლიდერი ხდება

1. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში მთელს ევროპაში, შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ყველა ქვეყანაზე სწრაფად გაიზრდება

• 6 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 32.1%-ით მოიმატებს და 2022 წლისათვის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19 მილიარდ 156 მილიონი ლარი გახდება.

• სსფ-ის პროგნოზით, საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ზემოაღნიშნული რეგიონების ლიდერი არა მხოლოდ 2017-2022 წლებში იქნება, არამედ ის ლიდერობას შეინარჩუნებს ყოველ მომდევნო წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, ანუ, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპის მიხედვით პირველობას არ დათმობს 2018-2022, 2019-2022, 2020- 2022, 2021-2022 და 2022 წლებში.

• აღსანიშნავია, რომ ბოლო 2013-2016 წლებში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად საქართველო ეკონომიკა გაიზარდა. მაშინ როცა 2004-2012 წლებში ამ მაჩვენებლით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ბოლო ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა აზერბაიჯანს და სომხეთს. 2004-2007 წლებშიც კი, როცა წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპი ფიქსირდებოდა, საქართველო ასევე ბოლო ადგილზე იყო და მას სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყანა მკვეთრად უსწრებდა. კერძოდ, 2004-2007 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა 134%-ით გაიზრდა, სომხეთის- 62%-ით და საქართველო კი 43%-ზე ნაკლებით .

2. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10 ათას დოლარს და 10 105.57 დოლარს გაუტოლდება. (მსყიდვეულნარიანობის პარიტეტი გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლას ამერიკის შეერთებული შტატების ფასებით. ასეთ, ერთიან საფასო სისტემაში ყველა ქვეყნის მშპ-ს გამოთვლა ქვეყნების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა და კეთილდღეობის ეკონომიკური საზომია )

3. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლისთვის მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით საქართველოს რეალური მშპ (ანუ მუდმივ ფასებში დათვლილი) 12 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი ნომინალური მაჩვენებელი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება.

წყარო:IMF "  - წერს ეკონომისტი.