ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი ინფრასტრუქტურის მიმართულებით მივმართეთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე განაცხადა და დასძინა, რომ მომავალ წელსაც იგივე იგეგმება.
"იქნება კიდევ უფრო სერიოზული ზრდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მხოლოდ ამ კომპანიაში დღეს შექმნილია 50 ახალი სამუშაო ადგილი, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა კონკრეტულად ამ კომპანიაში და შემდეგ ეტაპზე, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება, უკვე 100 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი. 100 დასაქმებული ადამიანი არის 100 წელში გამართული ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.