არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8% უცხოური ვალუტით იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2016 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 12,9 მილიარდი ლარია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2016 წლის ბოლოსათვის 2 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,5 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 52,6.
გასული წლის ბოლოსთვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 32,8 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,3 მილიარდ ლარს).
„მთლიანი ვალდებულებებიდან 8,4 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2016 წლის ბოლოსთვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 5,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 80,9 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსთვის 18,5 მილიარდი ლარი შეადგინა.
არაფინანსური კორპორაციების მიერ გაწეულმა საპროცენტო ხარჯებმა 2016 წელს 1 მილიარდი ლარი, ხოლო შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ვალის მომსახურებას, 2016 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1 828,2 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 72,1 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 586,1 მილიონი ლარი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.