დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
კერძოდ, ეს რეკომენდაციები შემდეგია: „გამოიყენეთ კარის ბადეები; გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს; ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები; თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;
ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა - ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოთავსეთ ნათურა; აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას.
დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა.
საქართველოში რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.ncdc.ge/ka-GE/PublicInformation/“, - ნათქვამია დაავდებათა კონტროლის ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებში.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად იდენტიფიცირებულია 2001 წლიდან. ამჟამად აზიური ფაროსანა გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზულ მავნებლად მიიჩნევა. 2010 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მავნებლით გამოწვეულმა ზიანმა 21 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ევროპაში მწერი პირველად 2008 წელს, შვეიცარიაში გამოჩნდა. 2014 წელს ის პირველად დაფიქსირდა რუსეთში - სოჭის ოლქში. 2015 წლიდან კი გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში), ხოლო 2016 წლიდან მასობრივად დაიწყო გავრცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში.
ზრდასრული აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. წლის ამ მონაკვეთში მათი ნახვა შესაძლებელია: შენობის გარეთ ან შიგნით, კარებზე, ფანჯრებზე, სხვა შემოსასვლელ ადგილებში, ჩამოცვენილ ფოთლებში და გარეთ არსებულ მცენერეებზე.
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ.