2 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს.
მათი ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ. პოლიციის ცნობით, თავდასხმა გორგოშაძის საცხოვრებელ კორპუსში უნდა მომხდარიყო, სადაც დამნაშავეებმა რამდენიმე კვირით ადრე ბინა იქირავეს და ბიზნესმენს უთვალთვალებდნენ. შსს-მ გაავრცელა ფარული ვიდეომასალა, რომელშიც დაკავებულები ბიზნესმენის გატაცების დეტალებს ათანხმებენ - ბიზნესმენი ელექტროშოკით უნდა გაეთიშათ, თანხის გამოძალვას კი ასე გეგმავდნენ: გორგოშაძეს გატაცების შემდეგ მიუთითებდნენ ანგარიშის ნომერს, რომელზეც მას 5 მილიონი დოლარი უნდა გადაერიცხა. კრიმინალურმა პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ცეცხლსასროლი იარაღები, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები და ელექტროშოკი ამოიღო. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე დაკავებულებიდან ორს იცნობდა. დარსალიას ყოფილ მეუღლესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს - 2013 წელს პროკურატურაში უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს. დარსალია ამტკიცებდა, რომ გორგოშაძემ ბიზნესი მისი ფულით დაიწყო, განქორწინების შემდეგ კი წილი არ მისცა.
დგებუაძისა და ვასილიადის ადვოკატის, ზურაბ მამულაშვილის თქმით: "პროკურატურა ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბრალდებულები ბიზნესმენის მძევლად აყვანის მომენტში პოლიციელებისთვის სროლას აპირებდნენ. თუმცა, როცა სპეცრაზმი მივიდა, მათ არაფერი უღონიათ. სადავოა, რამდენად ავთენტურია ვიდეომასალა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა, მასზე ჩვენ ვერც ერთი ბრალდებული ვერ ამოვიცანით".
დავით ნატრიაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: "საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები პირადად არ იცნობდნენ დაზარალებულს. რაც შეეხება დანაშაულის სისრულეში მოყვანას, ბრალდებულები ამას გეგმავდნენ სწორედ იმ დღეს, როდესაც დავაკავეთ. მოქმედებდნენ კონსპირაციულად და რამდენიმე თვის განმავლობაში ბიზნესმენს უთვალთვალებდნენ. დაკავებამდე ერთი თვით ადრე იქირავეს ბინა, რომელიც კვალის არევის მიზნით გააფორმეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და სწავლობდნენ ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან თავს შევიკავებ".
ჩვენთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულები გატაცების გეგმას ამუშავებენ, ახსენებენ სახელებს: ნინო და ლალი... ისიც შევიტყვეთ, რომ გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის გატაცება ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე.
ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე პოლიციას ჩვენება მისცა და უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატი დაენიშნა, გამოიყენა დუმილის უფლება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ბრალდებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მათ ბიზნესმენის გატაცება შეუკვეთეს. მისი ჩვენებიდან ისიც გაირკვა, რომ ოთხეული შემკვეთის გადაგდებას - მხოლოდ 500 000-ის მიცემას და ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. "გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო" - ირკვევა ჩვენებიდან.
როგორც ამბობენ, გამოძიებამ დარსალიას მეგობარი ქალბატონიც დაჰკითხა. მან დაადასტურა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს იცნობდა და ფული ასესხა ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. ბრალდებულის ინფორმაციით კი ნასესხები 3 ათასი დოლარით წყნეთის გზატკეცილზე სახლი იქირავეს. "ჩვენ დარსალიას არ ვიცნობთ, ფული არ გვქონდა და მისმა მეგობარმა მოგვცა. მაგრამ ვიცით, რომ ეს დარსალიას ფული იყო. დავგეგმეთ გატაცება, 12 ოქტომბერს უნდა მოგვეყვანა სისრულეში".
არჩილ ჩუბინიძე, ნინო დარსალიას ადვოკატი: - გორგოშაძის მიერ ნინოზე მიცემული ინფორმაციის გარდა, არანაირი მტკიცებულება გამოძიებას არა აქვს. მან მიუთითა სამართალდამცველებს დარსალიაზე. დაკავებულებსა და დარსალიას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, არც ჩხრეკის დროს აღმოჩენილა ამის მამხილებელი რაიმე დოკუმენტი. ეს რომ დადასტურებულიყო, როგორ ფიქრობთ, დარსალიას პოლიციის შენობიდან გამოუშვებდნენ და არ დააკავებდნენ? გამომძიებლებს გაუკვირდათ, როდესაც შეიტყვეს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს ფინანსური დავა, რომელიც დღემდე დაუსრულებელია.
ნინო კატეგორიულად ითხოვს მის წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობის საქმის დასრულებას და გორგოშაძისა და ყოფილი დეპუტატის - ნანა ყეინიშვილის დაკავებას, რომელიც იმხანად "წითელი ჯვრის" ხელმძღვანელი იყო. გორგოშაძემ მას ნინოს ფული, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი მისცა აფრიკაში ოქროს ბიზნესში ჩასადებად. როცა ნინომ ამ ბიზნესის შესახებ მოიკითხა და შემდეგ თანხა უკან მოითხოვა, ყეინიშვილმა საერთოდ უარყო ფულის აღების ფაქტი, ხოლო როცა დეპუტატი გახდა, მუქარების შემოთვლა დაიწყო. როგორც ჩანს, გორგოშაძე სამართლებრივად ვერ აგვარებს პრობლემას და არ არის გამორიცხული, სპექტაკლი დადგა - ნინოზე მიუთითა, რათა ყოფილი ცოლი მოიშოროს.
იმ ბინაში დამონტაჟებულია კამერა და ოთხეულიდან ან ყველა აგენტი იყო, ან რომელიმე მათგანი. პოლიცია ინფორმირებული იყო და რატომ პირდაპირ იმ ბინას არ მიადგნენ და რატომ გატეხეს სადარბაზოს ნახევარი ბინები? თუკი პოლიცია ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა - კამერა დაამონტაჟა სახლში, ან თუნდაც აგენტი ჰყავდათ შეგზავნილი, არ იცოდნენ, რომელი კარი უნდა გაეტეხათ? ქალბატონი ნინო ლეგიტიმური საჩივრით მიმართავდა პროკურატურას და გორგოშაძისგან დასაბუთებულად ითხოვდა 10 მილიონ დოლარს და ადამიანებს, რომლებიც თითქოს დარსალიამ დაიქირავა, რატომ უნდა გამოეძალათ 5 მილიონი და არა 10 მილიონი?
გორგოშაძეს ბათუმში მცირე ბიზნესი ჰქონდა და 2003 წელს ნინო მენეჯმენტის სპეციალისტად მიიწვია. დარსალიამ კონტაქტებისა და საკუთარი ქონებრივი შენატანების საშუალებით (გაყიდა სახლი, ოქროული...) ბიზნესის სოლიდურად გაზრდა შეძლო. ამის შემდეგ მათ ჯვარი დაიწერეს და თბილისში გადმოვიდნენ. ნინოს თანხებითა და ჩართულობით გაიზარდა "გორგიას" წლიური ბალანსი, ბრუნვა და შემოსავალი. ასე რომ, ამ ბიზნესში ნინოს საკუთარი წილი ჰქონდა. თუმცა, იმხანად გორგოშაძეს გამოძიებისთვის ჩვენება აქვს მიცემული, სადაც ამბობს, დარსალიას არანაირი წილი არ ეკუთვნის, მან მე გამიტაცა, ჯადო გამიკეთაო. მერე ბოდბეში წავედი, წყალში ჩავყვინთე და რომ ამოვყვინთე, ჯადო ამეხსნა და გონება გამინათდა - ამის მერე ბებერ ცოლს (44 წლისას) გავშორდი და 10 დღეში 20 წლის გოგო, თანამშრომელი მოვიყვანეო. მილიონერმა კაცმა ისეთი სულელური ჩვენება დაწერა, მთელი პოლიციის სამმართველო ხარხარებდა.
ნინო დარსალია, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე: - ალბათ ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ თავიდან მომიცილოს. დაჰკითხეს თუ არა, ჩემკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემ გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება".