ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა საკომიტეტო მოსმენებზე მიღებულ მოსაზრებებს და შენიშვნებს გააანალიზებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
"რაც შეეხება შეკითხვას პენსიების ზრდის შესახებ, ეს იქნება პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. წარმოდგენილ ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული და ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს. ჩვენ გუნდთან ერთად ვიმუშავებთ კომიტეტებთან, უმრავლესობის ფორმატში და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის პენსიები როდის და რა მოცულობით შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების ხელფასების შესაძლო ზრდაზე საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო წელს გათვალისწინებულია მათზე წელთა ნამსახურების დანამატების გაცემა, ისე, როგორც შს სამინისტროს სხვა თანამშრომლებს აქვთ.
"სხვა ხელფასების ზრდა ამ ეტაპზე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის", - აღნიშნა კაკაურიძემ.