„თბილისის მოსახლეობის საჭიროებების“ შესახებ კვლევაში მოსახლეობა ტრანსპორტის სფეროში არსებულ ვითარებას უფრო მეტად უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებათა 7 ქულიან შკალაზე უარყოფით ველში (4 ქულაზე ნაკლები) შემდეგი საკითხები შევიდა: ტროტუარებზე მანქანების პარკირება; პარკირების ადგილების რაოდენობა; სატვირთო ტრაილერების ქალაქში მოძრაობა; მრავალსართულიანი (მიწისქვეშა/მიწისზედა) პარკირების არსებობა; „სითი პარკის“ რეგულაციები; ტაქსებისთვის ლიცენზიის გაცემის პრაქტიკა; ე.წ. სტაიანშიკების არსებობა; სამარშრუტო ტაქსების კომფორტულობა მგზავრობისთვის; ტაქსების ტექნიკური მდგომარეობა; ტრამვაის ინფრასტრუქტურა; კონტროლიორების კომუნიკაცია მგზავრებთან; სამარშრუტო ტაქსების ფასი.
კვლევის შედეგად, ტრანსპორტის სფეროში მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა შემდეგი საკითხები: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მუშაობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელების მდგომარეობა; გარკვეული მიმართულების (ხაზის) სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა; ავტობუსების ფასი.
ტრანსპორტის სფეროში, თბილისის რაიონების დონეზე, შემდეგი საერთო პრობლემები გამოვლინდა (ეს პრობლემები დასახელდა თბილისის მინიმუმ 4 რაიონში): გარკვეული მიმართულების ავტობუსების ნაკლებობა; სამარშრუტო ტაქსების არაკომფორტულობა მგზავრობისთვის; ტროტუარებზე მანქანების პარკირება; სამგზავრო ავტობუსების არასახარბიელო ტექნიკური მდგომარეობა.
„თბილისის მოსახლეობის საჭიროებების“ შესახებ კვლევის დროს 3000 მოქალაქე გამოიკითხა.