საქართველოს საკაბელო ოპერატორთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, ტელეარხები - "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "ჯიდიესი", "მარაო" და "კომედი არხი" საპროტესტოდ გათიშოს, - ამის შესახებ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნულის მიზეზი არის მითითებული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებითვის თანხის მოთხოვნა.
ბერუაშვილის თქმით, დამატებითი დეტალები, თუ რომელი საკაბელო ოპერატორი გათიშავს საპროტესტოდ აღნიშნულ არხებს, ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელსაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამართავენ.
რამდენიმე თვის წინ რამდენიმე ათეულ საკაბელო ოპერატორს შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიუვიდა, რომლის თანახმადაც, კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების - „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.
წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. "მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.