ხელფასების გაყოფის საფრთხე თუ მდიდრების დამსჯელი კანონი

”ზოგისთვის დაუბეგრავი მინიმუმი - 360 ლარი, მთელი თვის ხელფასია”

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით 1 აპრილიდან დღემდე შემოსავლების სამსახურს 420 ათასამდე პირმა მიმართა. შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიუჯეტიდან გაცემული თანხა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. შემოსავლების სამსახურში ვარაუდობენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რაოდენობა 600 000-ს მიაღწევს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, დაუბეგრავი მინიმუმის გაცემას ხელისუფლებას კანონი ავალდებულებს. შესაბამისად, ის პირები, ვინც ამ კანონის რეგულაციის ქვეშ ექცევიან, დაუბეგრავ მინიმუმს მომავალშიც მიიღებენ.

ექსპერტები და ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ამ პრაქტიკას მხოლოდ მოკლევადიანი სოციალური ეფექტი აქვს. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, რამდენად ეფექტურია დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, დრო გვიჩნევებს.

"იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს, წელიწადში ერთხელ დამატებით, თუნდაც 360 ლარის მიღება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ეფექტურობას, კითხვები არსებობს: ხომ არ მოხდება ხელფასების გაყოფა, ადმინისტრირების გართულება და ხარჯის ზრდა? რამდენად საჭიროა ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მლნ ლარის გაცემა ამ მიზნით და ხომ არ აჯობებდა შეგვემცირებინა საშემოსავლო გადასახადი თუნდაც 2%-ით", - განმარტავს ლექვინაძე. ექსპერტს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ თანხის მიმართვა უფრო კაპიტალურ მიმართულებებზე, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, ან სულაც ხარჯი საშემოსავლო გადასახადის შემცირების მიმართულებით გაღებულიყო.

შემოსავლების სამსახურის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე.

ლევან კალანდაძე: ზოგადად პროგრესული დაბეგვრის სისტემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია, რომ მიდგომა, როცა საშემოსავლო გადასახადის განსხვევებული განაკვეთით იბეგრება სხვადასხვა მოქალაქე, დისკრიმინაციული და არასამართლიანია. როცა ადამიანი საშემოსავლო გადასახადის მაღალი პროცენტით, სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ იმიტომ იბეგრება, რომ მაღალი შემოსავალი აქვს, ან უბრალოდ მდიდარია, ვფიქრობ, სოციალისტურ-ბოლშევიკური აზროვნების გამოხატულებაა. ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ საზოგადოების ნაკლებშემოსავლიანი ფენის გამდიდრებაზე, სიმდიდრის მოპოვების სტიმულირებაზე, ჩვენ პირიქით, მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის "გათანაბრებაზე" ვაკეთებთ აქცენტს და ეს მიგვაჩნია სწორ პოლიტიკად. ამით კი რეალურად ვქმნით და ვამკვიდრებთ ისეთ საგადასახადო სისტემას, რომელიც მდიდრების "დასჯას" ითვალისწინებს.

თუ ხელისუფლებას სურს, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას საკუთარი შემოსავლებიდან გადასახადების გადახდის შემდეგ მეტი თანხა დარჩეს, ამისთვის პროგრესული საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმი კი არ უნდა შემოიღოს, არამედ უბრალოდ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეამციროს. მაგალითად, როგორც ეს საგადასახადო კოდექსით იყო გათვალისწინებული 2013 წლიდან და რაც ხელისუფლებამ უარყო. ან, თუ ხელისუფლებას სურს, რომ დაეხმაროს მოსახლეობის გარკვეულ სოციალურ ჯგუფს, ამისთვის დისკრიმინაციული დაბეგვრის სისტემა კი არ უნდა შემოიღოს, არამედ ბიუჯეტიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით დააფინანსოს. თუ გვინდა, რომ აქცენტი ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების და საწარმოო სიმძლავრეების შექმნაზე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, საინვესტიციო გარემო მიმზიდველობაზე გავაკეთოთ, ასეთ სოციალისტურ-ბოლშევიკურ მიდგომებზე, მემარცხენე იდეოლოგიაზე და არაპრაგმატულ პოპულისტურ პოლიტშოუებზე ცალსახად უარი უნდა ვთქვათ.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეუქმნის ეს პროცესი პრობლემებს სახელმწიფო ბიუჯეტს და მეორე მხრივ, რაზე მიუთითებს მოსახლეობის ასეთი აქტიურობა?

- რაიმე მნიშვნელოვან საბიუჯეტო პრობლემებს არ ველოდები. თუმცა, ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად დიდ მასშტაბებს მიიღებს და რამდენად წაახალისებს ეს ინიციატივა ჩრდილოვან ეკონომიკას. მხედველობაში მაქვს, როგორც რეალური შემოსავლების დამალვის მასშტაბი, ისე, სამუშაო ადგილების ფორმალური, ხელოვნური დაყოფა რამდენიმე "ნომინალურ" პირზე, შემდგომი დაბეგვრისგან თავის არიდების, ან დასაბეგრი შემოსავლის შემცირების მიზნით.

რაც შეეხება მოსახლეობის აქტიურობას, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ეს ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. მოდით ვაღიაროთ, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ნაწილისათვის 360 ლარი შეიძლება ერთი თვის ხელფასიც კი იყოს და ამ მხრივ, ბიუჯეტიდან რამე თანხის უკან დაბრუნება, თუნდაც სიმბოლური ან უმნიშვნელო, საკმაოდ მომხიბვლელია. ამიტომ, გადახდილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების მიზნით, შესაბამისი დეკლარაცია ბევრმა შეავსო. მათ შორის იმ ადამიანების ნაწილმაც, ვისაც რეალურად კანონმდებლობითაც კი არ ეკუთვნოდა გადახდილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება.

- სოციალური ეფექტის გარდა, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას. თქვენ ჩრდილოვანი ეკონომიკა ახსენეთ. ხომ არ გამოიწვევს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის ზრდას?

- ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე აუცილებლად იქნება. დღეს არსებული არანაირ სტიმულს არ უჩენს ადამიანებს, დააფიქსირონ შემოსავლის ზრდა, ან ზოგადად ზრდაზე იყვნენ ორიენტირებულნი. პირიქით, გაჩნდა ლეგალური საშუალება შემოსავლის ნაწილის დამალვის, დამქირავებელთან გარიგების ან თუნდაც მისაღები შემოსავლის ორ ან სამ პირზე ფორმალური "გადანაწილების" გზით, მნიშვნელოვნად შევიმციროთ დასაბეგრი შემოსავალი. ანუ, კანონმდებლობაში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გადასახადის გადამხდელებმა "მოატყუოს" სახელმწიფო. და მეტიც, აქედან სარგებელიც მიიღონ.