საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ქართველი სტუდენტების უმრავლესობის დიდი სურვილია.
დღეს გაცილებით ბევრი საშუალება არსებობს უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, ვიდრე წლების წინ. საქართველოში რამდენიმე ძირითადი პროგრამა მოქმედებს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირდაპირ ჩართული არ არის გაცვლით პროგრამებში, თუმცა სამინისტროს ვებგვერდზე სხვადასხვა უცხოური სასწავლებლების სტიპენდიების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.
„იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების შედეგად არის, იყო გაფანტული, ჩვენ თავი მოვუყარეთ ამ ყველაფერს და ახლა ერთ ვებგვერდზე დევს, თუმცა ეს არის მხოლოდ ინფორმაცია, სამინისტრო სხვა მხრივ არ ერევა ამ საკითხში, გაცვლითი პროგრამები აქვს უნივერსიტეტებს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.
სახელმწიფოს მხრიდან საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას სთავაზობს მსურველებს განათლების საერთაშორისო ცენტრი.
ნინო ჭელიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი:
-ცენტრს აქვს რამდენიმე პროგრამა, ძირითადი ფოკუსი არის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. გვაქვს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, ეს არის საჯარო სამსახურისთვის შექმნილი, თუმცაღა ეს ხანმოკლე პროგრამაა და ნაკლები აპლიკანტია.
- რა უნდა გააკეთოს მსურველმა თქვენი ცენტრის დაფინანსების მოსაპოვებლად?
- ჩვენს პროგრამაში არის 2 ტიპის დაფინანსება, ერთია ღია ტიპის პროგრამა, როდესაც აპლიკანტი თვითონ მოიძიებს უნივერსიტეტს და შემდგომში შემოაქვს საბუთები, ოღონდ უნივერსიტეტში უკვე უნდა იყოს ჩარიცხული.
არის ასევე დაფინანსებული სტუდენტის პროგრამა, რომელიც როგორც წესი, სხვა ქვეყანასთან პარტნიორობაში კეთდება, ასეთი პროგრამები გვაქვს უნგრეთთან, საფრანგეთთან, ამერიკასთან და ახლო მომავალში გვექნება გერმანიასა და იტალიასთან. რაც შეეხება ამ 2 პროგრამას შორის განსხვავებას, თუ პირველ შემთხვევაში სტუდენტმა თვითონ უნდა მოიძიოს ის ქვეყანა და უნივერსიტეტი, რომელიც მას ყველაზე ძალიან აინტერესებს, მეორე შემთხვევაში, პირველი ეტაპი არის ჩვენთან დოკუმენტების შემოტანა და აქ შერჩევა, შემდეგ კი, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ეძებს შერჩეული აპლიკანტისთვის მისაღებ უნივერსიტეტს.
მინდა აღვნიშნო, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს თვითონ სწავლის პერიოდი, სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც ამ გაღებული თანხით იღებს, ანუ ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც ქვეყანას უბრუნდება. ამიტომ დაბრუნება და საქართველოში დასაქმება არის აპლიკანტის ვალდებულება.
- ნებისმიერ პროგრამას აფინანსებთ თუ სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტები?
-2-3 წელიწადში ერთხელ ხდება მოკვლევა. თავის დროზე სამინისტროებთან მოვიძიეთ თუ რა სპეციალობები იყო მნიშვნელოვანი მათთვის, როგორც აღმოჩნდა, ფართო სპექტრის სპეციალისტიდან ვიწრო სპექტრამდე, ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ განგვეცხადებინა ზოგადი მიმართულებები და პრაქტიკულად განათლებიდან დაწყებული ყველაფერი შედის, გარდა ბიზნეს-ადმინისტრირებისა, ამას თავისი მიზეზი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესს მიჰყავს ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულები, მიგვაჩნია, რომ ბიზნესმა თვითონ უნდა დააფინანსოს თავისი მომავალი კადრები.
- რამდენია დაფინანსების მაქსიმალური თანხა?
- საშუალო სტიპენდია ერთ ადამიანზე 45 000-დან 55 000 ლარამდე მერყეობს. გვყავს სტუდენტები, რომლებიც 35 ათას დოლარს იღებენ და გვყავს ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ 2000 დოლარი სჭირდებათ. თანხები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში მიდის სტუდენტი, რომელ სკოლაში და სპეციალობაზე აპირებს სწავლას, რამდენი აქვს თანადაფინანსება მიღებული, ერთადერთი, რაც მოჭრით არის განსაზღვრული, საცხოვრებელის თანხაა, ამ შემთხვევაში ვეყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტს.
- რამდენ მსურველს დაუფინანსეთ სწავლა?
- ზოგადად, საქართველოში საერთაშორისო სასწავლო გამოცდილებაზე მოთხოვნა მაღალია, ბევრ სტუდენტს სურს უცხოეთში სწავლა, საკონკურსო რაციო არის დაახლოებით 5-დან 10 ადამიანამდე ერთ ადგილზე, საკმაოდ მაღალი კონკურსია, განსაკუთრებით ღია ტიპის პროგრამაში. უკვე 500-მდე სტუდენტი გვყავს დაფინანსებული.
სტუდენტებში საზღვარგარეთ სწავლისა და პარალელურად მუშაობის პოპულარული პროგრამაა ე.წ. ოპერობა. როდესაც ქართველი სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები გოეთეს ინტიტუტში გერმანული ენის გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემდეგ გერმანიის ქალაქებში ენის უკეთესად შესასწავლად მიდიან და პარალელურად ოჯახებში მუშაობენ.
კიდევ ერთი პოპულარული გაცვლითი პროგრამაა Erasmus+, რომელიც ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას გულისხმობს ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში.
ლიკა ღლონტი, პროექტის კოორდინატორი: „ჩვენ გვაქვს 2 ტიპის სასტიპენდიო პროგრამა, ერთია მოკლევადიანი გაცვლითი სტიპენდიები სტუდენტებისთვის, როდესაც მათ შეუძლიათ თავიანთი ქართული უნივერსიტეტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში ერთი ან ორი წლით წასვლა და მეორე პროგრამაა, როდესაც სტუდენტი მიდის ევროპაში და მაგისტრატურას იქ გადის. ეს პროგრამები მიბმულია ქართულ უნივერსიტეტებზე, მაგალითად, თუ თქვენ სწავლობთ „ილიაუნში“, მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის „ერასმუსის“ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში შეგიძლიათ წასვლა, კონკურსის პირობები, ვადები, პარტნიორების ჩამონათვალი, ცხადია განსხვავდება უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით, ამიტომ დეტალების გასარკვევად უნდა მიაკითხოთ თქვენს ქართულ უნივერსიტეტის უცხოეთის განყოფილებას და ისინი გაგარკვევენ, რადგან შერჩევის პირობები ყველგან განსხვავებულია, ისევე როგორც შერჩევის ვადები.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, თითოეული პროგრამა ინდივიდუალურად აცხადებს მიღებას, ამ შემთხვევაში სტუდენტი არ არის მიბმული თავის ქართულ უნივერსიტეტზე, შეიძლება ის არც კი იყოს სტუდენტი. ამ დროს, უკვე ინდივიდუალურად ხდება განაცხადის გაკეთება, ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია გვაქვს. ამ წუთას 32 ქართულ უნივერსიტეტს აქვს „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამები, მაგრამ დღედღეზე ველოდებით განახლებულ სიას“.
თეა ბეჟიტაშვილი