„მედია რაითს ჯორჯია“ მზადაა, საკაბელო ოპერატორებთან მოილაპარაკოს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი 6 ქართული არხის კონტენტის უფასოდ მიღებაზე უარს იტყვიან. ამის შესახებ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა საკაბელო ოპერატორების გარკვეული ნაწილის მიერ 6 ქართული არხის საპროტესტოდ გათიშვაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ზურაბ ნაყეურმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საკაბელო ოპერატორების გარკვეულ ნაწილთან მოლაპარაკებები ვერ შედგა.
„პირველ რიგში, გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს, რომ ვერ შედგა მოლაპარაკება, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არ არის საკაბელოების უმეტესი ნაწილი, არც ნახევარი, არც მეოთხედი და არც მეათედი, არამედ ეს არის მცირე საკაბელო ოპერატორები, რომლებთანაც ვერანაირად ვერ მოვახერხეთ რაიმე ურთიერთობების დალაგება. შესაბამისად, პირველ დეკემბერამდე გვაქვს მოლაპარაკების ვადა, კვლავ გამოვხატავთ ღია კარის პოლიტიკას და მზად ვართ მოვილაპარაკოთ, თუ ისინი უარს განაცხადებენ უფასოდ, პარაზიტული გზით ჩვენგან კონტენტის მიღებას და მის გაყიდვას. აქ საუბარია გადაყიდვაზე. ჩვენ სამართლიანად გვიჩნდება პროტესტის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსულ არხებს უხდიან თანხას და ქართულ არხებს - არა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ერთ-ერთ მსხვილ ოპერატორთან, როგორიცაა „მაგთიკომი“, რომელმაც გააერთიანა „კავკასუსი“ და „დელტაკომი“ და რომლის აბონენტთა რაოდენობა დაახლოებით, 200 000-ზე მეტია, მოლაპარაკება შედგა და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა ოპერატორებთანაც ანალოგიურად გავაგრძელებთ. თუ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ეს მათი ნებაა და პატივს ვცემთ“, - განაცხადა ნაყეურმა.
რაც შეეხება „სილქნეტს“, ზურაბ ნაყეურის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიასთან „მედია რაითს ჯორჯია“ მოლაპარაკების სტადიაზეა და დრო ჯერ კიდევ არის პირველ დეკემბრამდე.
მისივე თქმით, იმ საკაბელო ოპერატორებს, რომლებთანაც მოლაპარაკება ვერ შედგება, კომპანია „მედია რაითს ჯორჯია“ პირველ დეკემბერს აღნიშნული ქართული არხების ტრანსლირების უფლებას შეუზღუდავს.
მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების - „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. "მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ 40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი 6 ქართულ არხს დღეს საპროტესტოდ გათიშავს.